თეა წულუკიანმა 56-ე საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ლესიჭინეში გახსნა
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 56-ე საზოგადოებრივი ცენტრი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში გახსნა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა.
„იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები, ძირითადად, ორიენტირებული არიან ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. იუსტიციის სახლის მომსახურების გარდა, მოსახლეობას ადგილზევე შეუძლია სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროების სერვისებით სარგებლობაც.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საჯარო სერვისი, რომლებიც ქალაქების იუსტიციის სახლებში გაიცემა, ასევე; კომპანია „მაგთისა” და „ლიბერთი ბანკის” მომსახურება, რაც პენსიონერებს პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების საშუალებას მისცემს“,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
ლესიჭინის საზოგადოებრივი ცენტრი რიგით მეექვსეა, რომელიც სამეგრელოში გაიხსნა. ის ლესიჭინესა და მის მიმდებარე 7 სოფელში (ქვედა ჩხოროწყუ, ახუთი, კირცხი, ხიბულა, ზანა, უშაფათი და ფოცხო) მცხოვრებ 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ. დღემდე ადგილობრივი მოსახლეობისათვის ინტერნეტმომსახურება ერთ-ერთ გამოწვევად რჩებოდა. სოფელში არ არის ბოჭკოვანი კაბელები და მოქალაქეებისათვის მხოლოდ „მაგთის” ინტერნეტი იყო ხელმისაწვდომი, რომლითაც ერთეულები სარგებლობდნენ. ლესიჭინეში არ იყო მობილური ოპერატორებისა და „ლიბერთი ბანკის” ოფისებიც. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ ეს პრობლემებიც მოგვარდა.
ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ლესიჭინეში სამი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ბავშვებს საშუალებას მისცემს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა და ინტერნეტის საშუალებით მიიღონ მათთვის საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მოკლებულნი იყვნენ.
პირველ საგანმანათლებლო ღონისძიებას საზოგადოებრივმა ცენტრმა გახსნის დღესვე უმასპინძლია. გამოფენაზე „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა, სტუმრებმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, 1918-21 წლების ამსახველი ისტორიული ფოტო- და დოკუმენტური მასალები დაათვალიერეს. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ თემატურ გამოფენას წელს გახსნილი ყველა საზოგადოებრივი ცენტრი უმასპინძლებს.
იუსტიციის მინისტრმა ლესიჭინის მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა.
ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდა, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა.
დღეისათვის, ლესიჭინის გარდა, უკვე 55 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს: ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთში, აწყურში, სანიორე-ნაფარეულსა და ზედა საზანოში.