ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მსოფლიო დასუფთავების აქციას შეუერთდა

დასუფთავების აქცია, რომელსაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად მართავს, წელს მსოფლიო დასუფთავების დღეს მიეძღვნა, რომელიც 15 სექტემბერს აღინიშნა. ყოველთვიური დასუფთავების აქცია კი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით დაარსდა და მასში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორი, სხვადასხვა კერძო კომპანია და სამსახური მონაწილეობს.
როგორც “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დღევანდელ აქციაზე ოთხი ძირითადი ადგილი დასუფთავდა: სოფელ ცხრაწყაროს ღია თეატრონის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სახალხო დღესასწაული „ვარინკობა“ იმართება; სოფელ ქვედა საქარის საგზაო მაგისტრალი; „სამცვერას“ ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია და კვალითის დასახლება- ჩიკაშუას ქუჩა.
აქციაში მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო“, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზესტაფონის სერვისცენტრის თანამშრომლები, საჯარო და სახელოვნებო სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აქციას N 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფიც შეუერთდა.
„წელს, 15 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღე აღინიშნება. ჩვენ მიერ დაარსებულ ყოველთვიურ დასუფთავების აქციას ამჯერად ამ დღეს ვუძღვნით და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომლებიც დაუზარლად მონაწილეობენ ყველა სასიკეთო წამოწყებაში. ჩვენი პატარა ქალაქიდან, დღევანდელი აქციით, ვუერთდებით მსოფლიოს და მილიონობით ადამიანს“, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
დასუფთავების აქციას საჭირო ატრიბუტები „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველოს“ წარმომადგენელმა, მალხაზ პირველაშვილმა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები