RMG-ის მხარდაჭერით ბოლნისელი მეღვინეები კვალიფიკაციას აიმაღლებენ
მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისი” 13-21 სექტემბერს RMG-ის მხარდაჭერით, ბოლნისელი მეღვინეებისათვის საგანმანათლებლო სემინარებს გამართავს.
მევენახეობა-მეღვინეობის თემატიკაზე საგანმანათლებლო ტრენინგების ორგანიზების ინიციატივა თავად მეღვინეთა გაერთიანებაში შემავალ მცირე საოჯახო ტიპის მარნებს ეკუთვნით. მათი თქმით, ახალი ტექნოლოგიები და აღნიშნულ სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომები სწორედ ის თემებია, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ და მათ სამომავლო განვითარებას შეუწყობს ხელს.
როგორც “კვირას” კომპანია RMG-დან აცნობეს, მეღვინეთა პროფესიული ტრენინგების ჩატარებას, RMG-ის, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანებას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარს უჭერს ბოლნისის მერიაც. ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე სემინარებს 20-მდე ბოლნისელი მეღვინე და მევენახე უსასყიდლოდ დაესწრება. სასწავლო კურსს ღვინის პროფესიონალი ტრენერები: ირმა ჭანტურია, თინათინ ჯაჯანიძე და მიხეილ მესხი გაუძღვებიან.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში RMG-ის, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და ბოლნისელ მეღვინეთა გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. RMG-მა, როგორც ქვეყანაში და რეგიონში უმსხვილესმა ბიზნესმა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბოლნისური ღვინის პოპულარიზაცია და მისი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა დაისახა მიზნად.
2018 წლის ივნისში RMG-ის მხარდაჭერით ბოლნისელმა მეღვინეებმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა-კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ბოლნისურმა ქვევრის ღვინოებმა კონკურსში 16 ჯილდო მოიგო.