ზუგდიდის მერმა სავარაუდოდ კორუფციაში მონაწილეობისთვის თანამდებობა დატოვა
ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა, მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ იგი პრაღაში მივლინებაში იმყოფება.
ერთ-ერთი ვერსიით, ლაშა გოგია კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა. ამის დამადასტურებელი კი ფარული აუდიო ჩანაწერიც არსებობს.
არსებული აუდიოჩანაწერის თანახმად, ზუგდიდის მერი ერთ-ერთ ბიზნესმენს ზუგდიდში რამდენიმე ფართობის ტერიტორიას ტენდერის გარეშე სთავაზობდა.
ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია სამართალდამცველებს მოუწოდებს, დაინტესდნენ აღნიშნული ფაქტით და გამოძიება დაიწყოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
როგორც „კვირას“ მაგდალინა თოდუამ განუცხადა, ზუგდიდის მერი ჩეხეთში მივლინებით იმყოფება.
მისივე თქმით, ღონისძიება პრაღაში იმართება, რაც შეეხება ლაშა გოგიას, იგი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება და ორშაბათს განცხადებას თავადვე გააკეთებს.
ამასთან, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გაავრცელა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი“ – წერს ლაშა გოგია ფესბუქის საკუთარ გვერდზე.