ზესტაფონში, „მილენიუმის“ საგანმანათლებლო პროექტი წარმატებით ხორციელდება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლას, იმერეთის რეგიონის სხვა სკოლებთან ერთად, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და მისი მიზანი ზოგადი განათლების ხარისხის განვითარება და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა.
იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, ზესტაფონის N6, N7 და სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერეს.
ზესტაფონის N6 და N7 საჯარო სკოლებში მოსწავლეები მეორე სემესტრიდან შეძლებენ სწავლის გაგრძელებას, ხოლო სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვალში დასრულდება.
„რეგიონის მასშტაბით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოებისათვის 10-მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი და საერთო ჯამში 50 500 კვადრატული მეტრის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სასწავლო პირობები 10 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება“, – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ.
„21-ე საუკუნეში ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე. ეს არის უდიდესი პროექტი და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის სამი სკოლის რეაბილიტაცია ხდება მის ფარგლებში. ახალი სასწავლო წლის დაწყება ამ სკოლის მოსწავლეებს სხვა შენობებში მოუწევთ, რადგან სამუშაოები სტანდარტის სრული დაცვით, ზუსტ ვადებში ხორციელდება“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.
საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია რეგიონში 2019 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები