რადას დეპუტატი პარლამენტის სპიკერს ჰიტლერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლოში უჩივლებს
უზენაესი რადის დეპუტატმა და პარტია “ცხოვრებისთვის” ლიდერმა, ვადიმ რაბინოვიჩმა განაცხადა, რომ პარლამენტის სპიკერს, ანდრეი პორუბის, ჰიტლერთან დაკავშირებული განცხადების გამო, სასამართლოში უჩივლებს.
გუშინ პარუბიმ ერთ-ერთი უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ჰიტლერი “ყველაზე დიდი” დემოკრატი იყო. მან ასევე დაამატა, რომ “სამეცნიერო დონეზე” აქვს შესწავლილი პირდაპირი დემოკრატია და ხალხს მოუწოდა, არ დაევიწყებინათ ჰიტლერის მიერ დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილი.
“პორუბის განცხადებამ საბოლოოდ მოჰფინა ნათელი ყველაფერს. პორუბიმ თქვა შემდეგი: უნდა შევისწავლოთ და დავნერგოთ უკრაინაში პირდაპირი დემოკრატია, რომლის გამავრცელებელი თავად ჰიტლერი იყო. მე ვთვლი, რომ ფაშისტებთან ერთ გზაზე ვერ ვივლით. დღეს შემაქვს სასამართლოში სარჩელი პორუბის წინააღმდეგ, ფაშიზმის პროპაგანდის ბრალდებით, რაც ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია. მეორეც- მე დღეს თხოვნით მივმართავ ევროპის ყველა ქვეყნის საელჩოს და პირველ რიგში, გერმანიის, რომ მათ შეაფასონ ჩვენი მთავრობის ქმედებები და გაწყვიტონ ყველა კონტაქტი პორუბისთან”,- განაცხადა რაბინოვიჩმა ტელეარხ “112 Украина”-ს ეთერში.
დეპუტატი ასევე თვლის, რომ პარუბიმ მოსახლეობას ბოდიში მოუხადოს და გადადგეს.