იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა მუნიციპალიტეტებთან შეხვედრები დაასრულა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მუნიციპალიტეტებთან შეხვედრები დაასრულა. დღეს მხარის რწმუნებულმა სამუშაო შეხვედრა ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა და ქალაქში მიმდინარე პროექტებისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოისმინა. ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ გუბერნატორს 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო.
,, პირველ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის რომ რეგიონს სჭირდება სტრატეგიული განვითარების გეგმა. აუცილებელია ამ გეგმის შექმნაზე სამუშაო ჯგუფმა მალევე დაიწყოს მუშაობა . დღევანდელ შეხვედრაზე მე მოვისმინე ინფორმაცია, თუ რა პროექტები განხორციელდა და მიმდინარეობს ქუთაისში. კარგია, რომ 2017 წელთან შედარებით წელს უფრო მეტი პროექტია დაგეგმილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ქალაქს კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტი სჭირდება უფრო მეტად, რომ განვითარდეს და მიმზიდველი გახდეს, როგორც ადგილობრივებისთვის ასევე ტურისტებისთვის. ქუთაისი არის იმერეთში ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტი და უფრო მეტი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ ამ გამოწვევებს სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ და ვიზრუნოთ ჩვენი თანაქალაქელების კეთილდღეობაზე. დღეს, მე უკვე დავასრულე 12-ვე მუნიციპალიტეტში შეხვედრები და თითოეულის მიმართ მაქვს ჩემი ხედვა როგორ უნდა იყოს უკეთესი ვიდრე არის დღეს. ამისთვის საჭიროა მოსახლეობის ჩართულობით მოეწყოს საჯარო განხილვები მნიშვნელოვან პროექტებზე, განისაზღვროს პრიორიტეტები, საჭიროებები და გუნდური პრინციპით ვიმუშაოთ ხელისუფლებამ და მოსახლეობამ”-აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
იმერეთის გუბერნატორმა სამუშაო შეხვედრები 12-ვე მუნიციპალიტეტში დაასრულა და უახლოეს დღეებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს დაიწყებს