ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის და “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველის ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, პირველი კომისიის შეკრება შედგა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის და “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, პირველი კომისიის შეკრება შედგა. როგორც “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოციალური პროექტი იმ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს ითვალისწინებს, რომელთა პრობლემას არსებული სახელმწიფო სოციალური პაკეტი ვერ აკმაყოფილებს. კომისიის მიერ განხილული განცხადებებიდან ნაწილი დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილი – რეკომენდაციით, “ჯორჯიან მანგანეზს” გადაეგზავნა. განცხადებების უმრავლესობა მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემებს შეეხებოდა, რომლებსაც ისეთი სამედიცინო კვლევები ან მკურნალობა ესაჭიროებათ, რაც საქართველოში ვერ ხორციელდება.
“შეუძლებელია, მუნიციპალური შესაძლებლობები გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რაც ამ ადამიანების წინაშე დგას, მე დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ნიკოლოზ ჩიქოვანს და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს”, მათი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოჩენილი კეთილი ნებისთვის, რომლებმაც ასე გაითავისეს ამ ადამიანების უმძიმესი პრობლემები და გაუწოდეს დახმარების ხელი”,- განაცხადა კახაბერ მახათაძემ.