დასავლეთის სანქციების მესამე ეტაპი რუსეთის წინააღმდეგ: რეალური ძალა თუ ფუჭი სიტყვები?

უკრაინის კრიზისის ფონზე, დასავლეთი არ წყვეტს მუქარებს რუსეთის წინააღმდეგ იმ სანქციების შემოსაღებად, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. არის თუ არა ეს მეთოდები ეფეტური? რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის და აშშ-ის სანქციების ე.წ. მესამე საფეხური – ეკონომიკას უნდა შეეხოს. სანქციები, რომელიც ადრე მიიღეს, უკრაინელი და რუსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელდა, რომლებსაც უკრაინის კრიზისში უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. ამ ადამიანებს, რომელთა გვარებიც ,,სანქცირებულთა სიაში“ მოხვდა, ევროკავშირის და აშშ-ის ტერიტორიაზე გასვლა აეკრძალათ, მათი საბანკო ანგარიშები კი გაიყინა. ამჟამად კი რუსეთის ეკონომიკის რა სექტორებს შეეხება დასავლეთის სანქციები, რომელსაც ხშირად ,,სასტიკს’’ და ,,სექტორალურს“ უწოდებენ?
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ სპეციალურ ბრძანებაში აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოების სფეროები ჩამოთვალა, რომლებიც ამ სანქციების შემოღების შემდეგ დაზარალდებიან. ესენია: ფინანსური, ენერგეტიკული, სამთო – მეტალურგიული, მანქანათმშენებლობის, თავდაცვის და სხვა. მკაცრ შეზღუდვებზე საუბრისას, საქმე რუსული ენერგორესურსების მიწოდებასაც, ასევე გარკვეული საქონლის იმპორტის და ექსპორტის შეზღუდვას ეხება. ადვოკატი მაია ლესტერი, რომელიც დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციებით დაზარალებულთა კონსულტანტია, მიიჩნევს, რომ სანქციების ამ ზომებს შეუძლია ევროკავშირს და რუსეთს, ასევე აშშ-ს და რუსეთს შორის საბაზრო ოპერაციები სრულიად გაწყვიტოს.
როდის დაიწყება სანქციების მესამე ეტაპი, რომელზეც ბოლო დროს ასე ხშირად საუბრობენ და რომელზეც ე. წ. წითელი ხაზი გადის, ჯერჯერობით უცნობია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს უკრაინის მოვლენებს უკავშირდება, რომლებიც სპონტანურად და წინასწარ დაუგეგმავად ვითარდება. 2014 წლის 20 მარტს და 28 აპრილს ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინაში დესტაბილიზაცია გაგრძელდებოდა, რუსეთს ,,სექტორალურ“ სანქციებს დააკისრებდნენ.
მაისის დასაწყისისთვის, დასავლეთი სანქციების მესამე საფეხურის განხორციელების შესახებ აცხადებდა იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დაიწყებდა. თუმცა, მოგვიანებით ბარაკ ობამამ და ანგელა მერკელმა განაცხადეს, რომ მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში დააწესებენ, თუკი ის ხელს შეუშლის უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც 25 მაისს უნდა გაიმართოს. არაერთ ადამიანს გაუჩნდა კითხვა, თუ როდის აპირებს დასავლეთი სანქციების შემოღებას?
აშშ-ში ეს პროცესი მაშინ დაიწყება, როდესაც შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამისთვის კი დამატებითი კანონების მიღება საჭირო არ არის. ,,სანქციების შემოსაღებად საკანონმდებლო ბაზა უკვე არსებობს. ამ შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანება, თუმცა ჯერჯერობით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა“, – აღნიშნავს ლესტერი.
ევროკავშირში სიტუაცია განსხვავებულია. ,,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ევროკავშირში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ისეთი სანქციების შემოღების საშუალებას იძლევა, რითიც ეკონომიკური სექტორი დაზარალდება,“ – განმარტავს მაია ლესტერი. მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად, ევროკავშირმა ახალი საკანონმდებლო მექანიზმი უნდა შეიმუშავოს.
,,ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანამ გადაწყვეტილება მიიღოს, რომლის თანახმადაც სანქციების განხორციელების გზები განისაზღვრება“, – აცხადებს ლესტერი.
მისი თქმით, კულისებს მიღმა, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა აშშ-სთან ერთად უკვე მსჯელობს ,,სექტორალური“ სანქციების შესახებ, და თუკი რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ წარმოიქმნა, სანქციებს ძალიან მალე შემოიღებენ. ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ის მსგავსად, დიდი გამოცდილება გააჩნიათ სანქციების დაკისრების საკითხში. ამჟამად ევროკავშირის მიერ დაკისრებული სანქციები 30 ქვეყანაში მოქმედებს, ამერიკის მიერ დაკისრებული კი – 10 ქვეყანაში. რუსეთი ჯერჯერობით მათ რიცხვში არ არის, რაც მის მყარ ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს უკავშირდება.
რამდენად ეფექტური იქნება სანქციები? არ შეიძლება გულუბრყვილოდ დავიჯეროთ, რომ სანქციების მეშვეობით დასავლეთი მოსკოვს აიძულებს, ყირიმი უკრაინას დაუბრუნოს. თუმცა რუსეთის ,,რვიანის ჯგუფიდან“ გარიცხვამ უკვე ნეგატიური ასახვა ჰპოვა ამ ქვეყანაზე. ხოლო მსუბუქ სანქციებს, რომელიც რუსეთის მიმართ ადრე განხორციელდა, ამ ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ და კრემლი იძულებული გახდება, სტრატეგია შეცვალოს. თუმცა საზოგადოების დარწმუნება, რომ ასეთი ეფექტის მოხდენა შესაძლებელია, საკმაოდ რთულია – აღნიშნავენ ექსპერტები. ამიტომ, უნდა წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, დასავლეთს სანქციები რომ არ შემოეღო? სავარაუდოდ, რუსეთი შესაბამისი დიპლომატიური რეაქციის გარეშე ბევრად უფრო აგრესიულად მოიქცეოდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. ექსპერტების აზრით, რუსეთზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტურ შედეგს გრძელვადიანი სანქციები გამოიღებს. ამასთან, ისინი სამხედრო ოპერაციის მსგავსად, კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები