დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტი ფაქტობრივად დარჩა მარტო, ეს მისი მხრიდან არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს არ დაასახელებს, მორიგ უპასუხისმგებლო ნაბიჯს უწოდებს.

მათიკაშვილის თქმით, მცდარია ის მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ კონსულტაციებში მონაწილეობას არ აპირებდა.

„პრეზიდენტი ფაქტობრივად, დარჩა მარტო. ეს პრეზიდენტის მხრიდან არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი, როდესაც მან კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაზე თქვა უარი. ის არის მცდარი მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებდა კონსულტაციებში მონაწილეობას. ყოველთვის ვამბობდით, რომ დავფიქრდებით კონსულტაციებზე, უბრალოდ ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებდით კონსულტაციებს, რადგან პრეზიდენტის პრაქტიკა სასამართლოსთან მიმართებაში გვეუბნება იმას, რომ როგორც წესი, ის ან საკუთარ თანამშრომლებს წარადგენდა, ან მასთან დაახლოებულ პირებს. აქედან გამომდინარე იყო ჩვენი სკეპტიციზმი და არა უარი კონსულტაციებში მონაწილეობაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი მარტო დარჩენილი პრეზიდენტის. ასევე ხაზგასასმელია ის, რომ მან ეს უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა კონსტიტუციის დღეს, როდესაც საზოგადოებას ეცნო და ბეჭდური სახით წარედგინა კონსტიტუციის ახალი რედაქცია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს სხვა პარალელური პროცესის გამართვა მარგველაშვილის მხრიდან არის არასწორი ნაბიჯი.

„ცხადია, ის იყო დაპატიჟებული დღევანდელ ღონისძიებაზე, მაგრამ იქ, სადაც მთელი ქართული საზოგადოება არის შეკრებილი, არ არჩია ყოფნა და გადაწყვიტა პარალელური პროცესის გამართვა, რაც არ არის მისაღები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან მათიკაშვილი განმარტავს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს, ხოლო ახალი თავმჯდომარის არჩევა პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოხდება.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა. მან ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები