გია ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მართებულად აფასებს ამ ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ საქართველოში გამართულ ვიზიტს დადებითად აფასებს.
ვოლსკის შეფასებით, ვიზიტი დასტურია არა მარტო სახელმწიფო პოლიტიკის მაღალი სტანდარტის აღიარების, იგი სკეპტიკოსებსაც და ზოგიერთ ოპონენტსაც შეახსენებს, რომ ევროპული და საქართველოს პრაგმატული ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს.
„როგორც მოსალოდნელი იყო მერკელის ვიზიტი საქართველოში უმალ შემოსეს პოლიტიკური სპეკულაციებით და წინასაარჩევნოდ გამიზნული განცხადებებით. მოკლედ ოპონენტთა მთელი ძალისხმევა მთავრობის პოლიტიკის დაკნინებისაკენ იყო მიმართული. მოსწონთ თუ არა დესტაბილიზაციის მოსურნეებს, ევროპის ლიდერი ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი შედგა. რაც მთავარია, იგი განხორციელდა იმ საგანგებო როლის ხაზგასმით, რომლიც საქართველოს გააჩნია, როგორც რეგიონში პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ვიზიტის სიმბოლური მნიშვნელობითაც და შეხვედრებზე განხილული საკითხების შინაარსიდან გამომდინარეც, ხაზი გაესვა აგრეთვე პოლიტიკურ მხარდაჭერას, პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელების გარდუვალ პერსპექტივას მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობის სფეროში.
ვიზიტი დასტურია არა მარტო სახელმწიფო პოლიტიკის მაღალი სტანდარტის აღიარების, იგი სკეპტიკოსებსაც და ზოგიერთ ოპონენტსაც შეახსენებს, რომ ევროპული და საქართველოს პრაგმატული ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ საქართველოს სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი მისი გეოპოლიტიკური ლოკაციაა, სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით. სწორედ მისი გავლით ევროპული ბაზრების კასპიის და აზიის რეგიონის ენერგორესურსებით მომარაგების მოცულობის ზრდა გერმანიის და სხვა პარტნიორი ქვეყნების სასიცოცხლო ინტერესებშია. ამ ინტერესებს ითვალისწინებს მერკელის ვიზიტი რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და ოკუპაციის ფონზე ვითარება რთულია. კანცლერის მისვლა საოკუპაციო ხაზთან, ისევე როგორც დაღუპულთა მემორიალთან, არაა მხოლოდ პატივისცემის სიმბოლური დასტური. დარწმუნებული ვარ საზოგადოება მართებულად აფასებს ამ ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას, იგი საგანგებო ნაწილია უალტერნატივო პოლიტიკისა, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. ნებისმიერი, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ასპექტით საქართველოსა და გერმანიის ინტერესების თანხვედრა თვალსაჩინო და იმედისმომცემია“, – წერს გია ვოლსკი ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. მერკელი ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში გააგრძელებს. გერმანიის კანცლერმა საქართველო ცოტა ხნის წინ დატოვა.