შინდისის ბრძოლის 17 გმირის უკვდავსაყოფად, მონუმენტი დაიდგმება – ძეგლის მშენებლობისთვის 930 ათასი ლარი დაიხარჯება (ფოტოკოლაჟი)

შინდისის ბრძოლიდან 10 წლის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინი შეამკეს და გმირ მებრძოლებს პატივი მიაგეს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან იზორიამ დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

ლევან იზორიას განმარტებით, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შინდისის ბრძოლა იყო ქართველთა შეუპოვრობისა და თავდადების უპრეცედენტო მაგალითი.

„იმ 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სახელის უკვდავსაყოფად, ჩვენ – მთავრობამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ აშენდეს მემორიალი, რომელიც გმირების მარადიულ მოგონებას უზრუნველყოფს. სწორედ მათი გმირობაა ჩვენი ერის არსებობისა და მომავალი გამარჯვებების საფუძველი,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა, თავდაცვის მინისტრთან ერთად, მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძისგან, 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად, 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის მშენებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. როგორც ნუგზარ ჭავჭავაძემ აღნიშნა მონუმენტის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მემორიალის მშენებლობისთვის 530 000 ლარი, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ – 400 000 ლარი გამოყო. დღესვე, შინდისში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინეს, რის შემდეგაც გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ეპარქიის სამღვდელოებამ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ და მთავარმა კაპელანმა დეკანოზ დავით ლონდარიძემ გადაიხადეს.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები