გიორგი ვოლსკი – BBC-ის საგამოძიებო მასალაზე: ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შეშფოთების რეალური საფუძველი გაგვაჩნია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „ღამის კურიერის“ ეთერში BBC-ის საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა.
ვოლსკიმ გავრცელებულ ინფორმაციას, უტიფარი ტყუილი უწოდა.
„იმდენად უტიფარია ბრალდება მთელი რიგი ნიშნებით. ჯერ ერთი, ლოგიკა არ არის, ფილმს რომ უყურო ასეთ გადაღებულს, მიუკერძოებელ მაყურებელს გაუჩნდება შეკითხვა – კი მაგრამ [ერთი წლის შემდეგ] უცებ ამ ადამიანებმა, ყველამ მოიფიქრეს, მოდი, ამას ვიტყვით, რომ გამოყენებული იქნა მომწამლავი გაზი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ასე უცებ დალაგდნენ?! რასაკვირველია, ამაზე გამოძიებაც უნდა ჩატარდეს, პროაქტიული უნდა იყო მსჯელობაში, მაგრამ ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შეშფოთების რეალური საფუძველი გაგვაჩნია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.