ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაკარგულად ითვლება,- ამის შესახებ პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სამაშველო ჯგუფები ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციის ექვს დაზარალებულ რაიონში მიღწევას ცდილობენ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. შედეგად მთიანი სოფლები ტალახით, ქვებითა და ხეებით დაიტბორა.

მაშველებმა ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ სიბოლგაში სულ მცირე ხუთი ცხედარი და სამი დაშავებული იპოვეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ ოთხი სოფლის მცხოვრების ძებნა გრძელდება, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან.

მეზობელ ცენტრალურ ტაპანულის რაიონში მეწყერმა რამდენიმე სახლი დაანგრია, რის შედეგადაც, სულ მცირე, ოთხსულიანი ოჯახი დაიღუპა, წყალდიდობამ კი თითქმის 2000 სახლი და შენობა დატბორა.

მედიის ცნობით, დაკარგულების ძებნა აქტიურად გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები