შალვა პაპუაშვილი: უკანონო მიგრაცია საქართველოში უნდა შეჩერდეს, 2-3 წელიწადში სრულად უნდა მოხდეს უკანონო მიგრაციის პრობლემის აღმოფხვრა
დაახლოებითი რიცხვები არსებობს, რა შეიძლება იყოს უკანონო მიგრანტების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი იყოს მაღალი, რათა 2-3 წელიწადში სრულად მოხდეს უკანონო მიგრაციის პრობლემის აღმოფხვრა საქართველოში, – ამის შესახებ ინდოეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საემიგრაციო პოლიტიკაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ არალეგალ მიგრანტთა დაკავების სტატისტიკაზე გააკეთა. მისივე თქმით, პარლამენტის მიერ კანონმდებლობის მხრივ მხარდაჭერილია ქვეყანაში მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა.
„უკანონო მიგრაცია საქართველოში უნდა შეჩერდეს. სამწუხაროდ, დღეს ეს მსოფლიოსთვისაა გამოწვევა. ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყანაში ბრძოლას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ და შესაბამისად, იმ საკანონმდებლო შესაძლებლობებით, რომელიც პარლამენტმა შექმნა, შსს-ს აქვს შესაძლებლობა, რომ სწრაფი ეფექტიანი იყოს გადაწყვეტილება უკანონო მიგრანტების დეპორტაციასთან დაკავშირებით. ასე, რომ მისასალმებელია ეს ტენდენცია. დაახლოებითი რიცხვები არსებობს, რომ რა შეიძლება იყოს უკანონო მიგრანტების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი იყოს მაღალი, რათა 2-3 წელიწადში სრულად მოხდეს უკანონო მიგრაციის პრობლემის აღმოფხვრა საქართველოში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.