გიორგი მარგველაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად, კონსულტაციებს 6 აგვისტოდან დაიწყებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად ორშაბათიდან, 6 აგვისტოდან საზოგადოებრივ ჯგუფებთან ფართო კონსულტაციებს იწყებს და მოუწოდებს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს: იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში მუშაობნენ საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე, ჩაერთონ უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ პროცესში.

„სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი სერიოზული პრობლემა შეუქმნია სახელმწიფო სისტემისთვის და ქვეყნის მოქალაქეებისათვის. მოვუწოდებ აკადემიურ წრეებს ჩაერთონ შერჩევის პროცესში, რომლის მიზანიც უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შეძლებს დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, რომელსაც ექნება საკმარისი კვალიფიკაცია და მორალური ძალა, რომელსაც ექნება მხარდაჭერა საზოგადოების  იმისთვის, რომ დაიწყოს სასამართლო სისტემაში ის პოზიტიური პროცესები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც სახელმწიფო, შევძლებთ გავიაზროთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას.

შევძლებთ მივხვდეთ, რომ  დღეს ქალბატონი ნინოს გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომელზეც არაერთხელ არაერთი ჩვენი მეგობარი, ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იუსრისტი და ამ დარგის სპეციალისტი აღნიშნავდა:  სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს. ეს არის გამოწვევა, რომელიც უდრის ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამართლებრივი პროცესის და საზოგადოების ამ  პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფას.

აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან მე ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ ჩართულობას  ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს დაეხმაროს სახელმწიფოს, ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება თავისთავად უაღრესად  მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ  განსაკუთრებით რთული ხდება თუ თვალს მივადევნებთ იმ მოვლენებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდნენ.

„არაერთი მოსამართლე, ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც სასამართლო სისტემაშია. იგივე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან. მაგრამ  ყველაზე ნიშანდობლივი არის ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები