არჩილ გორდულაძე: სამწუხაროდ, ქალბატონი მზია ამაღლობელი გამოყენებულია აგენტურის მიერ იმისათვის, რომ ჩვენთან საპროტესტო მუხტი შემოიტანონ
,,სამწუხაროდ, ქალბატონი მზია ამაღლობელი გამოყენებულია აგენტურის მიერ იმისათვის, რომ ჩვენთან საპროტესტო მუხტი შემოიტანონ. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ეს განცხადებაც ერთ-ერთი მცდელობაა, რომ სასამართლო სისტემაზე და მართლმსაჯულებაზე მოახდინონ გავლენა”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გრანტზე საუბრისას განაცხადა.
„ამავე განცხადებაში „მაკკეინის ინსტიტუტმა“ დაადასტურა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და უზრუნველყავით, რომ ნიკა გვარამია შეეწყალებინათო. შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ეს არის გარე ძალების რიგითი აგენტი. ერთმა აგენტმა – სალომე ზურაბიშვილმა მეორე აგენტი, ნიკა გვარამია გადაარჩინა და შეიწყალა იმიტომ, რომ ასეთი დავალება მიიღო გარედან. „მაკკეინის ინსტიტუტს“, USAID-ს და NED-ს შორის არავითარი განსხვავება არაა. მათი დაფინანსების წყარო არის ერთი, რომელსაც ჩვენ „გლობალურ ომის პარტიას“, თუ „დიფ სთეითს“ ვუწოდებთ და რომლის მიზნებიც არის ჩვენს ქვეყანაში შუღლის ჩამოგდება და არეულობის გზით აგენტურის მოყვანა ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, ქალბატონი მზია ამაღლობელი გამოყენებულია აგენტურის მიერ იმისათვის, რომ ჩვენთან საპროტესტო მუხტი შემოიტანონ. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ეს განცხადებაც ერთ-ერთი მცდელობაა, რომ სასამართლო სისტემაზე და მართლმსაჯულებაზე მოახდინონ გავლენა“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო, რომელიც პოლიტპატიმრებისა და მძევლების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმარდეს. საგრანტო პროექტში შეტანილია მზია ამაღლობელის საქმეც. მაკკეინის ინსტიტუტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც, სხვა თემებთან ერთად, საუბარია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას შესახებაც.