აბაშაში ბათუ დანელიას საიუბილეო საღამო გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, მარნის კულტურის სახლში, პოეტისა და მთარგმნელის, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის ბათუ დანელიას საიუბილეო საღამო გაიმართა. მას 75 წელი შეუსრულდა.
საიუბილეო საღამოზე პოეტს, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მედალი გადაეცა. მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა კი, მას გალაკტიონ ტაბიძის სახელობის მედალი გადასცა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლ „ჰარირას“ მამაკაცთა გუნდი და ხელოვნების სკოლის მოსწავლეები.
საიუბილეო საღამოს დაესწრნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა ჯვარელია, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მწერალთა კავშირის წევრები.