რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სახელმწიფო ხე-ტყის უკანონო ჭრის აღმოსაფხვრელად – ზაზა ხუციშვილის განმარტება

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი იმ ღონისძიებების შესახებ საუბრობს, რომლის გატარებასაც ხელისუფლება ხე-ტყის უკანონო ჭრის აღმოსაფხვრელად გეგმავს.

როგორც ზაზა ხუციშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტში უახლოეს პერიოდში შევა ტყის განახლებული კოდექსი, რომელშიც, მისი თქმით, კარგი ცვლილებები და ინიციატივებია ასახული. „ეს წელი ჯერ კიდევ პრემიერმა კვირიკაშვილმა გამოაცხდა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლის წლად. ახალ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები, ის, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ხე-ტყე მასალა გავათავისუფლოთ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ იმპორტირებული ხე-მასალა გაიაფდება, რაც იქნება ერთ-ერთი პრევენციული ზომა იმისთვის, რომ ადგილზე არ მოიჭრას ხე-ტყე. მეორე არის უკანონო მოპოვებასთან ბრძოლა. პარლამენტში ძალიან მალე შემოდის ტყის განახლებული კოდექსი, რომელშიც არის ძალიან კარგი ცვლილებები და ინიციატივები. დღესდღეობით მუშაობდა ბილეთის სისტემა. ბილეთები გადაეცემოდა მოსახლეობას იმ რაიონებში, სოფლად და მთაში, სადაც ჯერ კიდევ, გაზი არ არის შესული, ან მოსახლეობას უჭირს და გაზით გათბობის საშუალება არ აქვს. ეს მეთოდი იმით იყო ცუდი, რომ ხშირ შემთხვევაში ასაკში შესულ ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება, თვითონ მოეპოვებინათ ხე-ტყე, ან ბილეთებს გადასცემდნენ სხვა ადამიანებს. ხშირად ხდებოდა ისე, რომ არა დანომრილი და საკაფად გამოყოფილი ხე-ტყე, არამედ სრულიად ჯანმრთელი ხე-ტყის ერთეულები იჭრებოდა. ამიტომ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ იმ შემთხვევაში, როცა ასეთი საშეშე მასალა არის საჭირო, ამას უკვე დაამზადებს სახელმწიფო, ტყეში შევა პროფესიონალი ადამიანი, ვინც ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს იქ. ტყეში მუდმივად რჩება გარკვეული მყარი ნარჩენი, ეს არის წაქცეული ხეები, მოტეხილი ტოტები. ამ მიმართულებით ბიზნესის წვდომა გახდება ძალიან მარტივი. იმ გაგებით, რომ ჩვენ საშუალება მივცეთ ბიზნესმენებს ამ მიმართულებით იაქტიურონ, რაც არის ე.წ. საშეშე ბრიკეტების დამზადება, ანუ ესეც არის ერთ-ერთი მეთოდი იმისათვის, რომ არ მოიჭრას საღი ხეები, არამედ, ნარჩენისგან ჩვენ მივიღოთ ე.წ. დაპრესილი შეშა, რომელიც ევროპაში უკვე მიღებული პრაქტიკაა. ეს არის ის კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ ჩვენთან უკანონო ხე-ტყის ჭრა აღმოვფხვრათ. რა თქმა უნდა, კონტროლის გაძლიერება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერი მამუკა ბახტაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ხე-ტყის უკანონოდ ჭრაშია ჩართული. შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძე დღეს ახალ გარემოსდაცვით კონცეფციას – „მწვანე ეკონომიკას” წარადგენს. „სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბოლო წლებში გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტური, მე ვიტყოდი, დანაშაულებრივიც კი. ამ ყველაფერს სასწრაფოდ სჭირდება გამოსწორება. მწვანე ეკონომიკა ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი მიმართულება იქნება”, – განაცხადა ბახტაძემ რამდენიმე დღის წინ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები