ზაზა ხუციშვილი: ხე-ტყის უკანონო ჭრასთან, სახელმწიფოს ძალიან მკაცრი და სამართლიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს

ხე-ტყის უკანონო ჭრასთან, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძალიან მკაცრი და სამართლიანი მიდგომა, – ასე ეხმაურება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი სვანეთში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
როგორც ზაზა ხუციშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხე-ტყის ჭრა სერიოზულ ზიანსაც აყენებს ბუნებას, ტერიტორიები ხდება მეწყერსაშიში. მისივე თქმით, ხე-ტყის ჭრას ცოდნა სჭირდება.
„ნებისმიერ ქვეყანაში რესურსი, მერქანი გამოყენებადია, მაგრამ უნდა სპეციალისტების ცოდნა, თუ რომელი ხე და რა სიტუაციაში უნდა მოიჭრას, რა ასაკის და ა.შ. იმისათვის, რომ ტყეს ჰქონდეს რეგენერაციის კარგი უნარი.
სამწუხაროდ, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობების დროს, მოსახლეობის პროტესტი, რიგ შემთხვევებში, დაკავშირებულია პირად ინტერესებთან და არა სახელმწიფო ინტერესებთან. მათ პირადი ინტერესები აქვთ სახერხებთან დაკავშირებით, ამიტომ აცხადებენ პროტესტს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამათთან ერთად არის ხალხი, ვისაც რეალურად აწუხებს ეკოლოგიური საფრთხეები და პოტენციური საშიშროება, რაც შეიძლება იყოს სხვადასხვა ნაგებობის მშენებელობის დროს.
საბოლოო ჯამში, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხე-ტყის გაჩეხვა, ან დატბორვა დადებითი პროცესი ნამდვილად არ არის, მაგრამ გამომდინარე სახელმწიფო ინტერესებიდან, ყველა ქვეყანა ამაზე გარკვეულწილად მიდის. მაგალითად, მათ შორის, ენგურის სადგური, რომელიც გვაქვს, თავის დროზე დაიტბორა სერიოზული ტერიტორია, თუმცა, ენგურის გარეშე რა იქნებოდა თუნდაც 90-იანი წლები, ამის წარმოდგენა, ალბათ, ძნელი არ არის, იმიტომ, რომ ეს ჩვენ გადავიტანეთ დაახლოებით. ეს რესურსი გამოსაყენებელია, თუმცა გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარება არის ის გამოწვევა, სადაც ოქროს შუალედის პოვნა არის საჭირო“- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ხაიშში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხაიშსა და ჭუბერში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას, ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებდა, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სოფელში გამთენიისას გამოჩნდნენ, რაც ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდებოდა. როგორც ჭუბერის, ისე ხაიშის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულს აქციით აპროტესტებდნენ. ხაიშის ცენტრში შეკრებილების ნაწილმა ადგილზე მობილიზებულ სპეცრაზმს ქვები დაუშინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.
„სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და დააკავეს 15 პირი.
ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში”- განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები