ირმა შარიქაძე – პირადი ჩანაწერები
მისი შემოქმედება მასავით შთამბეჭდავი, უსასრულოდ მშვიდი და, ამავდროულად, ხმაურიანია… ნატიფი, ფერადი, მიმზიდველია… მეხსიერებაში ნაკვალევს ტოვებს და ახალ საფიქრალს აჩენს. ეს ხელოვნებაა და მეტიც… ირმა შარიქაძის შემოქმედება და მისი აღქმა ინდივიდუალურია, ამიტომ თავად იპოვეთ ის, 8 მაისს გალერეა “ბლექ ენდ ვაითში”გამართულ მორიგ საინტერესო სამყაროში, რომელიც ფოტოხელოვანმა ჩვენთვის შექმნა.
„ქოლგა. თბილისი. ფოტო 2014“ – გამოფენის ფარგლებში, გალერეა “ბლექ ენდ ვაითში” ირმა შარიქაძის კოლექციის გამოფენა გაიხსნა. პროექტის სახელწოდებაა: „წერილები”, რომელიც ფრიდა კალოს ეძღვნება და მასში შედის: სხვადასხვა ზომის 18 ფოტო, ვიდეოარტი „ფრიდას სიზმარი“. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო მწერალ მაკა გოგუაძის მიერ შექმნილი ფრიდასა და მის წარმოსახვით დას – მარიცას შორის მისტიფიცირებული მიმოწერა. ფრიდამ საკუთარი ტყუპი გამოიგონა, რომლიც ახალ ალტერ ეგოს,- მეორე ფრიდას იგონებს და სწორედ ის არის ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის პერსონაჟი, რომელსაც მსახიობი კრისტი ყიფშიძე განასახიერებს. ფოტოხელოვანი განაგრძობს საკუთარ პროექტს: „ყველა დროის ლეგენდარული ქალები“, რომლის ფარგლებშიც ამ ქალბატონების სახეებს თავისებურად აცოცხლებს. მისი კვლევის ბოლო ობიექტი ჰოლანდიელი მოცეკვავე, ჯაშუშად ცნობილი მატა ჰარია, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს სიცოცხლე ტრაგიკულად დაამთავრა.
ირმა შარიქაძის შემოქმედებაზე დიდი გავლენა ნიკო ფიროსმანისა და სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებამ მოახდინა. ხელოვანის დევიზია: „მშვენიერების აღმოჩენა ჩემი მისიაა. მეტიც, ეს ბედისწერაა ჩემი. ადამიანის სილამაზე საიდუმლოა, რომელიც განუყოფელია სიყვარულისგან.“
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=cjbgU-crhrc&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]