მხატვარი, რომელიც მომავალს არ გეგმავს…

პირველი ნახატი მე-3 კლასში დახატა, მე-8 კლასიდან კი სერიოზულად მოეკიდა ხატვას.
დაამთავრ თბილისის მე14 საშუალო სკოლა, შემდეგ – თოიძის სასწავლებელი. გივი ყანდარელი გამორჩეულად უყვარს. მისგან ბევრი რამ ისწავლა.
საინტერესო ფერწერული ნამუშევრები შექმნა. ხატავს, ლექსებს წერს, მოსწავლეებს ხელოვნების სიყვარულს აზიარებს… – საჩხერის რაიონის ნიგვზარის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგის, რუსუდან ჯალაურთელის პერსონა.

– ჩემი ბავშვობა ბებიას უკავშირდება, ბებია ყველას მერჩია, ძალიან მიყვარდა.  ხატვა მე-3 კლასიდან დავიწყე. პირველი ნახატი სიზმარივით მახსოვს…  მინდვრის ყვავილები დავხატე, პასტელურ ფერებში იყო.
– სტუდენტობის წლებში დატოვა  თქვენში საგრძნობი კვალი?
– გივი ყანდარელი იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი პედაგოგი. ხატვაც და აკვარელშიც მუშაობა მან შემაყვარა. ისე პედაგოგებში მიმართლებდა, დავით ციციშვილი კომპოზიციას მასწავლიდა ცოტა ხნით, მაგრამ ძალიან შედეგიანი იყო. გივის მეუღლე ლუი მარგო აკვარელში მუშაობას გვასწავლიდა თოიძეში. მაშინ გივი წამოსული იყო აკადემიიდან და თოიძეში მოვიდა, ქსოვილების ჯგუფს გვასწავლიდა ხატვას და ფერწერას. ის და მისი მეუღლე.
მერვე კლასიდან უკვე ძალიან სერიოზულად მოვეკიდე ხატვას, მსახიობების პორტრეტებს ვიხატავდი და პორტრეტების ხატვა დღემდე ძალიან მომწონდა,  თუმცა ახლა ნატურიდან, ან ზეპირად ვხატავ…
თქვენი ფერადოვანი ნამუშევრები გამოირჩევა საინტერესო ხელწერით… რაღაცით ვან – გოგთანაც მიდის ფიქრი…
– ფერწერული ნამუშევრების შექმნა, თუ განწყობაზე არ ვარ, ძალიან მიჭირს. როცა ვქმნი, გონება და ხელი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. არ არსებობს მესამე პირი. ამ დროს არავის გავლენას არ განვიცდი, უბრალოდ – შეუძლებლად მიმაჩნია. ვერ გავაკეთებ ისე, რომ რომელიმე მხატვრის გავლენით რამე შევქმნა. სხვისი ნამუშევრის ასლიც კი არ გამიკეთებია.
– რამ გადაგაწყვეტინათ ესკიზის „ფრთხილად“ დახატვა?
– კომპოზიცია – „ფრთხილად“ დიდი ხნის წინ შეიქმნა. პოლიტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ საშინლად მაღიზიანებს, რაც ჩემ გარშემო ხდება. ეს ესკიზი 1996 წლის 3 იანვარს დავხატე. წინა რიგში პირველი ფიგურა აფრთხილებს, ბოლო კი კითხულობს, ეს არის თქვენი ნაკეთები საქმეო?
– ვიცი, რომ დიდი კომპოზიციის შექმნას აპირებთ…
– ვფიქრობ კომპოზიციაზე: „იქიდანა და აქამდე“, ანუ დავით აღმაშენებლიდან დღემდე… ძნელია, მაგრამ უნდა გავაკეთო.
როდის ხატავ? შთაგონებას ელოდებით?
– შეიძლება ითქვას, ველოდები, თუ რამემ გამაღიზიანა, ან ვწერ, ან ვხატავ… უფრო ლექსებს ვწერ. აუცილებლად გამოვხატავ ჩემს განწყობას. ხელოვნების გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი.
საჩხერის რაიონი სოფელი ნიგვზარის საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად ვმუშაობ და მიხარია – ძალიან კარგი, ნიჭიერი თაობა მოდის…
– ოჯახი…
– სამი შვილი მყავს. პირველი ვერიკო ჩემი სული და გულია. თორნიკე და ლაშა – ჩემი ძალა და ენერგია. მეუღლე 5 წელიწადია აღარ მყავს…
– სამომავლო გეგმები…
– არასოდეს დამიგეგმავს… ვიცი, ვერ შევასრულებ. ალბათ ფერწერაში ვიმუშავებ, დავწერ, როცა რამე შემაწუხებს. იმედია, ასე იქნება… ძნელია, თქვა და გააკეთო…

 

 თამარ შაიშმელაშვილი



 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები