ვინ წყვეტს საქართველოს ბედს ევროვიზიაზე?
სოციალურ ქსელში ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება. კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის კედელზე გაჩნდა მისი სიმღერის ბმული, რომელსაც მომღერალი მარიკო ებრალიძე ასრულებს. სიმღერის სახელწოდებაა: „DON’T SAY GOODBYE”. როგორც გაირკვა, ეს სიმღერა კომპოზიტორმა სპეციალურად ამ მომღერალს დაუწერა. საკუთარ კომენტარში კომპოზიტორი იმასაც აცხადებს, რომ გარკვეული დროის მერე მას გაუჩნდა სურვილი, რომ ეს სიმღერა მარიკოს ევროვიზიაზე შეესრულებინა. სიმღერას სოციალურ ქსელში უამრავი გაზიარება და მოწონება აქვს, თუმცა, კომპოზიტორს სიმღერა ევროვიზიაზე არ წარუდგენია, ამის საშუალება უბრალოდ არ მიეცა. მიზეზი ტატიშვილმა „კვირასთან” ინტერვიუში განმარტა:
– მინდა გითხრათ, რომ ამ სიმღერას, რომელსაც „DON’T SAY GOODBYE” ჰქვია, მართლაც, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქის კედელზე. ეს სიმღერა შარშან, შეიძლება ითქვას, სპონტანურად ჩავწერეთ, როგორც დემო ვერსია. ევროვიზიაზე რომ მისულიყო საქმე, რასაკვირველია, სულ სხვა არანჟირებით და შესრულებით წარვადგენდით. მარიკო 8 წელი ჩემი სტუდენტი იყო და მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ევროვიზიას თვალყურს უამრავი პროდიუსერი და ამ საქმის კარგი მცოდნე ადევნებს და დიდი პრესტიჟია შემსრულებლისთვის იქ გამოსვლა. რომ ვერც გაიმარჯვოს, იგი შესაძლოა, პროდიუსერებმა შეამჩნიონ და საინტერესო პერსპექტივა შესათავაზონ. მაგრამ მან თავისი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა აჩვენოს. ამჯერად აქ სიმღერის შესარჩევი კონკურსი არავის დაუნიშნავს და მარიკასთვისაც არავის უკითხავს, რას ისურვებდა შესასრულებლად. იმასაც გეტყვით, რომ ჯგუფ ,,შინის“ შემოქმედებას დიდ პატივს ვცემ, თუმცა არა მგონია, მათ მიერ წარმოდგენილი კომპოზიცია ევროვიზიისთვის შესაფერისი ყოფილიყო.
– ბატონო ოთარ, როგორ ფიქრობთ, სამართლიანად ხდება თუ არა საქართველოში ამ კონკურსზე სიმღერის შერჩევა?
– ევროვიზიას, ისევე როგორც ყველა კონკურსს, გარკვეული ფორმატი აქვს, ეს მსოფლიოს მასშტაბით საყოველთაო, მასებზე გათვლილი კონკურსია და ალბათ უნდა შეირჩეს ისეთი სიმღერა, რომელიც გათვლილი იქნება ყველა სოციალურ ფენაზე, ანუ ის გასაგები და მისაწვდომი უნდა იყოს, თან ერთი მოსმენით რომ ტოვებდეს შთაბეჭდილებას. ეს არ არის ადვილი საქმე, დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი სჭირდება. ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ სიმღერა პრიმიტიული და უგემოვნო უნდა იყოს, როგორც ამას ბევრი ხსნის. მაგალითად შემიძლია, მოგიყვანოთ თუნდაც „ბიტლზების“ ”Yesterday”, რომელიც სისადავის, გემოვნებისა და გულწრფელობის გენიალური მაგალითია. ეს მუსიკა, ღრმა ინტელექტუალიდან მეეზოვით დამთავრებული, ერთნაირად დადებითად აღიქმება. რაც შეეხება სიმღერის არჩევას, ვფიქრობ, ეს რაღაც გარკვეული ჯგუფის თუ პიროვნების დონეზე არ უნდა წყდებოდეს, რახან აქ ეროვნულ პრესტიჟზე და ამ სფეროში მისი შესაძლებლობების საერთაშორისო არენაზე გატანაზეა საუბარი, თუ გნებავთ იმიჯზე. ამის ორგანიზება საკონკურსო ეტაპობრივი შერჩევით და გადარჩევით, მაღალი კომპეტენციის და პროფესიული ავტორიტეტების კეთილსინდისიერ და ობიექტურ დონეზე უნდა ხდებოდეს, სადაც რასაკვირველია, ერის, ხალხის აზრიც უნდა იყოს აქტიურად გათვალისწინებული. ვფიქრობ, ეს მოთხოვნები არ სრულდება და, სამწუხაროდ, არც არასდროს სრულდებოდა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ამას შეიძლება სამართლიანი ვუწოდოთ.
– რამდენადაც ვიცი, თქვენ 2007 წელს მიიღეთ მონაწილეობა ამ კონკურსში და შედეგების გამოცხადების, ანუ ხმების დათვლის დროს ელემენტარული არითმეტიკული ცდომილება მოხდა.
– მართალია, და ეს ამბავი კულუარულ დონეზე ყველა მაშინდელმა მონაწილემ (კომპოზიტორებს ვგულისხმობ) იცოდა. ეს ის წელია, როდესაც საქართველო პირველად წარდგა ევროვიზიაზე და საფინალოდ შეირჩა 5 სიმღერა სოფო ხალვაშისთვის, მათ შორის იყო ჩემი სიმღერაც. ეს 5 სიმღერა ერთი თვის მაძილზე რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი არხებით პიარდებოდა. გამოგზავნილი SMS-ებით თვის მანძილზე, დასკვნითი კონცერტის ჩათვლით, უნდა გადაწყვეტილიყო წარსადგენი სიმღერის ბედი. კონცერტამდე მედიით აცხადებდნენ, რომ ჩემი სიმღერა ”Tell me why” ლიდერობდა და ბევრი მირეკავდა, მილოცავდა. ერთ-ერთმა კეთილმოსურნე ადამიანმა, რომლის ვინაობას ვერ დავასახელებ, წინა დღეს მითხრა: ხვალ რომ გული არ დაგწყდეს, მხოლოდ ამიტომ გაფრთხილებო,- იცოდე, დასკვნით კონცერტის მსვლელობის ბოლოსკენ, შენს სიმღერას შეგნებულად ჩააგდებენ, რადგან ეს შესარჩევი ეტაპები ფორმალურად ჩატარდა ევროვიზიის საერთაშორისო ცენტრის მოთხოვნების თანახმად, თორემ ჩვენების მხრიდან დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვთ რაც უნდა გავიდესო. მაშინ ეს არ დავიჯერე, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექი და ეს დიდი გულისტკენა იყო. შემოსული ხმების პროცენტული განაწილება არაადეკვატურად იცვლებოდა და ეს საქმე თეთრი ძაფით იყო ნაკერი. ხმის ამოღებას აზრი არ ჰქონდა, რადგან სხვა დრო იყო და ყველაფერი პრეზიდენტის და მასთან მიახლოებული პირების გადაწყვეტილების დონეზე ხდებოდა. სანამ ადამიანების შეგნება და ფსიქიკა პატიოსნების ნორმატივებში არ ჩაჯდება და ერის მომავლისთვის საკუთარ ამბიციებს, თანამდებობრივი თუ სოციალური მდგომარეობით განპირობებულ პირად ინტერესებს არ დათმობენ ქართველები, ვეჭვობ, რომ ოდესმე დადგეს სამართალი ჩვენს ქვეყანაში. ეს თვისებები, სამწუხაროდ, უკვე გენეტიკურ კოდად არის ქცეული. ქვეყანა, რომელიც ბუნებით, ნიჭით და ყველა სიკეთით დააჯილდოვა უფალმა, პერმანენტულად მაჩანჩალას სტატუსში იმყოფება. ამიტომ მარტო დეკორაცია არაფერს შეცვლის, თუკი სპექტაკლი უვარგისია. ყველაზე საბრალო კი ის ნიჭიერი ადამიანები არიან, ვინც არსად გასულა, აქ დარჩნენ და ამ უსამართლობას არაფრის გამო ეწირებიან. თეონა გოგნიაშვილი გთავაზობთ ოთარ ტატიშვილის სიმღერის ლინკს:
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gss3t7xO_B8&feature=share” width=”560″ height=”315″]