სერგი კაპანაძე: ნუ ექნებათ იმედი, რომ ჯანმრთელობის ან სხვა რაიმე მიზეზით, თავს აარიდებენ იმ კითხვებს
ყველას მინდა მოვუწოდო, ნუ ექნებათ იმედი, რომ ჯანმრთელობის ან სხვა რაიმე მიზეზით, თავს აარიდებენ იმ კითხვებს, რომელიც გააჩნია საზოგადოებას და კომისიას, – ამის შესახებ „ხორავას ქუჩის საქმეზე“ შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა.
კაპანაძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას არდასწრების ფაქტს გამოეხმაურა.
„სამწუხაროა, რომ ბატონი სიგუა ჯერ არ მოსულა. პრესიდან გავიგეთ, რომ შეიძლება ცუდად იყოს. ამას გავარკვევთ, იმიტომ, რომ ჩვენთან შეტყობინება არ მოსულა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ცუდად არის. თუ ეს მართლაც ასე არის, მოუწევს ამის ახსნა და დადასტურება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენ მის მიმართ კითხვები გვაქვს, მას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს არის გარდაუვალი. ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო, რომ კარგად მოემზადონ აქ მოსასვლელად და ნუ ექნებათ იმედი, რომ ჯანმრთელობის ან სხვა რაიმე მიზეზით თავს აარიდებენ იმ კითხვებს, რომელიც გააჩნია საზოგადოებას და კომისიას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კაპანაძემ სიგუას სამსახურიდან შესაძლო გაათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი.
„თუ სამსახურიდან გაუშვეს გუშინდელი სხდომის მერე, ჩვენ მოგვიწევს იმის გარკვევა, თუ რა მიზეზით გაუშვეს, რა იცის მან და რა კითხვებზე შეეცადნენ, რომ პასუხები ყოფილიყო არიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, არის თუ არა თანამდებობაზე, ყველას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, მათ შორის, შოთაძესაც“, – განაცხადა კაპანაძემ.
თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომას არ ესწრება.
შსს-ში აცხადებენ, რომ იოსებ სიგუა ავადაა.