სოფო კილაძე: მთავარი პროკურორის არჩევის წესი არ უნდა შეიცვალოს

„მთავარი პროკურორის არჩევის წესი არ შეიცვლება“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნას, მთავარი პროკურორის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით.
როგორც სოფი კილაძე განმარტავს, პროკურორის არჩევის წესი გამჭვირვალე პროცესია და მასში ჩართულნი არიან აკადემიური წრეები და სამოქალაქო სექტორი.
„ეს ის წესია, რომელიც ძალიან გამჭვირვალეა და მასში ჩართულნი არიან, მათ შორის აკადამიური წრეები და სამოქალაქო სექტორი. ეს ის წესია, რომელიც თავის დროზე სამოქალაქო სექტორმა მოიწონა და არ მგონია, რომ მის შეცვლაზე საუბარი სამართლიანი იყოს”, – განაცხადა კილაძემ.
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი შეაჩეროს.
დღეისთვის, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 15 კანდიდატურაა წარდგენილი: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მაია ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, გიორგი შაშიაშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი და შალვა შავგულიძე.
საპროკურორო საბჭოს ინფორმაციით, კიდევ ერთმა კანდიდატმა, მთავარი პროკურორის მოქმედმა მოადგილე გიორგი გოგაძემ, თავისი კანდიდატურა 22 ივნისს მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები