ზაზა სარალიძე: აქციებს აღარ ვგეგმავ, რადგან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, არ მინდა ხალხმა ჩემს გამო შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი

„რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი“, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული აქცია დაგეგმილი არ აქვს და ამ ეტაპზე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გამოხატული პროტესტით შემოიფარგლება.
კითხვაზე, ვის მიერ არის ორგანიზებული დღევანდელი აქცია, ამბობს, რომ ამაზე არაფერი იცის და აქცია თვითონ არ დაუგეგმავს.
“აქცია მე არ დამიგეგმავს გამომდინარე იქიდან, რომ ხალხს აღარ ვაწუხებ. აქციას დაგეგმავდა ის, ვისაც სურს სამართლიანობის აღდგენა. მე რამდენჯერაც აქცია დავგეგმე, იმდენჯერ ხან პოლიტიკურ ჭრილში გაატარეს, ხან ისე გაატარეს. აღარ მინდა ჩემს გამო ხალხმა შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. პარტიებთანაც არასდროს მითანამშრომლია. არასდროს მითქვამს პარტიებისთვის გვერდით დამიდექით-მეთქი. ერთადერთხელ მოვუწოდე და ვითათბირეთ თემაზე, მაგრამ მაინც გვერდზე გავწიე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეში კონკრეტული პარტიების ჩარევა საჭიროდ არ ჩავთვალე. რაც შეეხება ხალხს, თუ ვინმეს სურს სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლა, გზას არავის ვუკეტავ”, – განაცხადა სარალიძემ.
მისივე თქმით, ის შს მინისტრთან შეხვედრას არ ითხოვს.
“გიორგი გახარიასთან შეხვედრას არ ვითხოვ. გახარიას, თუ თვითონ უნდა შეხვედრა, ეს არ ვიცი, მაგრამ შევხვდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრძანება ეკავება ხელში კალანდიას დაკავების შესახებ. ამ თემასთან დაკავშირებით არავინ ჩამოსულა სამინისტროდან ჩემთან”, – აღნიშნა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები