ტამიშის ბრძოლიდან 25 წელი გავიდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილეებმა ნიკოლოზ კვეზერელმა, მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი.
მოგვიანებით, უწყებების ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებმა და ვეტერანებმა, ელიას მთაზე პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სახელობის მემორილი გვირგვინით შეამკეს.
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს.დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადეს „შავნაბადასა” და „ავაზას” ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ.11 ივლისს ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმა სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ ეს გეგმა რამდენიმე თვით გადაწია. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ეპიზოდის – 1993 წლის ივლისის ბრძოლა -საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის უდიდესი მაგალითი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები