ირაკლი სესიაშვილი: მისასალმებელია, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება აქტიურია და ზედამხედველობას ახორციელებს შესყიდვებზე

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ზედამხეველობას, მათ შორის, თავდაცვის და შსს-ს შესყიდვებზე. ხოლო რაც შეეხება ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, სესიაშვილის თქმით, მათგან პოლიტიკური სპეკულაციები გასაკვირი არ არის.
“პირველ რიგში, მივესალმები იმ განსხვავებულ და აწ უკვე დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტს, როცა სამოქალაქო საზოგადოება აქტიურია და ზედამხედველობას ახორციელებს, მათ შორის, თავდაცვის და შსს-ს შესყიდვებზე.
ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ამავე დროს, ჩვენ ვყალიბდებით სამართლებრივ სახელმწიფოდ, ჩვენი ცხოვრების წესია კანონის უზენაესობა და ამ, და გამჭვირვალობის პრინციპზე დაყრდნობით, ვცდილობთ, ძლიერი საძირკველი შევუქმნათ ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ ფასეულობებს.
ჩვენი ოპონენტებისგან არ გამკვირვებია მათთვის ჩვევად ქცეული პოლიტიკური სპეკულაციები. დიახ, ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციაა, როცა, როგორც შევეჩვიეთ, ისინი ან ვერ ერკვევიან საკითხში და კამერებთან განცხადებები წინ უსწრებს საკითხში გარკვევას, ან ასევე, ჩვეულად, ერთი დღის შავი პიარის ნიუსში მონაწილეობისთვის, ერთმანეთს ასწრებენ. არადა, რომ გაერკვენ ხოლმე საკითხებში, ცუდი არ იქნება – კრიტიკის პარალელურად, ეს მათი ვალდებულებაა”,-განაცხადა სესიაშვილმა.
იგი ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტსაც გამოეხმაურა, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების შესყიდვების საკითხს ეხებოდა. როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს ხელმძღვანელობას არ და ვერ ეცოდინებოდა, ვინ იღებს ღია, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობას.
“მინდა, გამოვეხმაურო ერთ-ერთი ტელეეთერით გასულ სიუჟეტს ძალოვანი სტრუქტურების შესყიდვების შესახებ, რასაც თავდაცვის სამინისტრომ ძალიან ნათელი და მკაფიო პასუხი გასცა ფაქტებზე დაყრდნობით.
პირველი, სიუჟეტში დასახელებული კომპანია მონაწილეობას იღებდა ღია ელექტრონულ ტენდერში და გაიმარჯვა, რადგან უკეთესი პირობები დადო და კანონმდებლობით, არავის აქვს უფლება მას მოგებული ტენდერი გააუქმოს. თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს ხელმძღვანელობას არ და ვერ ეცოდინებოდა, ვინ იღებს ღია, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობას და ვერ და არ გააკონტროლებდა ამ პროცესს. ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება. ჩვენს ოპონენტებს ეს უკვირთ, მაგრამ ეს არის კანონის უზენაესობა, ეს არის კონკურენტული და გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა და ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა.
მეორე, ჩვენი ოპონენტების მცდელობა, რომ ამ კომპანიის საქმიანობა დაუკავშირონ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის საქმიანობას და გააჩინონ საზოგადოებაში ეჭვი, თითქოს ეს ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესებს, მორიგი ტყუილი და სპეკულაციაა. ამ კომპანიებს არ აქვთ დაშვება საიდუმლო შესყიდვებთან და ვერ მიაწვდიდნენ თავდაცვის სამინისტროს ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიძლება, რაიმე სახით საფრთხის შემცველი იყოს უწყებისთვის.
დაბოლოს, არ მინდა ვინმეს მმართველობას შევედარო, მერწმუნეთ, ისეთები მახსენდება, შედარებაც კი მრცხვენია, მაგრამ გირჩევთ, მოეშვათ სპეკულაციებს და სანამ კომიტეტზე ვინმეს დაბარებას მოითხოვთ, ჯერ ამ კომიტეტის სხდომებს დაესწარით ხოლმე მაინც”,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები