ეკა ბესელია: არ ვიცი ჭაია და ქადაგიძე რით შეიძლება დაეხმარონ კომისიის წევრებს

“ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ ექსპერტის სტატუსით ირაკლი ქადაგიძისა და ზაზა ჭაიას მოწვევა კამათის და ხანგრძლივი დისკუსიის საგანი გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაში იმუშაონ წინა ხელისუფელების შსს-ს მაღალჩინოსნებმა, ზაზა ჭაიამ და ირაკლი ქადაგიძემ.

როგორც დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურანლისტებთან საუბრისას აღნიშნა, ირაკლი ქადაგიძე იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი და ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, როცა კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა და ადამიანები ქუჩაში ჩაცხრილეს, ხოლო ზაზა ჭაია მსჯავრდებულია ერთ-ერთ საკმაოდ გახმაურებულ საქმეზე.

ბესელიას თქმით, კომისიამ ისეთი ექსპერტები უნდა მოიწვიოს, რომელთაც შეუძლიათ კომისიას ღირებული და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ.

“კომისიის თავმჯდომარემ ექსპერტად ჭაია და ქადაგიძე მოიწვია, რომელთა გვარებიც კარგად იცის საზოგადოებამ. მათი მოწვევის თაობაზე ჩვენ – კომისიის წევრები ინფორმირებული არ ვიყავით. ამავე დროს, კომისიამ ისეთი ექსპერტები უნდა მოიწვიოს, რომელთაც შეუძლიათ კომისიას ღირებული და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, კომისიის თავმჯდომარეს ასეთი გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არა აქვს. მას შეუძლია თავის დამხმარედ ვინც უნდა ის მოიწვიოს, მაგრამ თუკი ასეთ პირებს კომისიის სახელით იწვევს, მინიმუმ ეს საკითხი კომისიის სხდომაზე უნდა დაისვას. პროცედურა პირდაპირ ადგენს, რომ ასეთ საკითხებს კომისია წყვეტს. მე არ ვიცი ჭაია და ქადაგიძე რით შეიძლება დაეხმარონ კომისიის წევრებს. თუ ეს დახმარება სჭირდება გიგა ბოკერიას ან ვინმეს სხვას, კი ბატონო, მშვიდობაში დაიხმარონ, მაგრამ არა კომისიის სახელით. ჩვენ ამ ადამიანების დახმარება ნამდვილად არ გვჭირდება. ძალიან პრინციპულია კომისიამ ისეთი ექსპერტები მოიწვიოს, რომელთა მიმართ სულ მცირე, მძიმე კითხვები არ არსებობს. ჩვენ წლების განმავლობაში ასეთი ადამიანების გამო ვიდექით ქუჩაში, როდესაც ძალადობას, ადამიანების ჩაგვრასა და უფლებების ფეხქვეშ გათელვას ვაპროტესტებდით, რადგან ასეთი ხალხი იყო შს სამინისტროს სისტემაში. თუკი კომისიას ასეთი ექსპერტები სჭირდება, ამაზე პასუხისმგებლობა აიღონ გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ და მათმა თანაგუნდელებმა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები