ლევან დადუნაშვილის დედა: დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება სასამართლოზე იყო ვარაუდი, ვარაუდი, ჩემი ვარაუდი – ეს ისმოდა მხოლოდ

„დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება სასამართლოზე იყო ვარაუდი, ვარაუდი, ვარაუდი, ჩემი ვარაუდი – ეს ისმოდა მხოლოდ“, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ვარაუდებით საუბარი, როდესაც საქმე ეხება ორი არასრულწლოვანი ბიჭის მკვლელობას.

„როდესაც ორი თექვსმეტი წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე მოდიხარ, არ შეიძლება ვარაუდის დონეზე ილაპარაკო, რაღაც კონკრეტულიც უნდა თქვა. ამის შემდეგ იყო განცხადება, რომ ორი ბავშვის საერთო ჭრილობების რაოდენობიდან, რომელიც მიჩნეული იყო სასიკვდილოდ ლევანთან და დათოსთან მიმართებაში, სასიკვდილო ჭრილობებთან დაკავშირებით კატეგორიულად გამოვრიცხავ დანის ნაჩხვლეტ-ნაკვეთ ჭრილობას. “სავარაუდოდ, არის მაკრატელი” – აი, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება და უნდობლობა. კონკრეტულად სასიკვდილო ჭრილობებზე კატეგორიულად ვამბობ – ეს იყო მისი სიტყვები – გამოვრიცხავ ნაჩხვლეტ-ნაკვეთ საგანს და დანას, ეს არის ბლაგვი საგნით მიყენებული, სავარაუდოდ, მაკრატლითო. ამის შემდეგ სხვა რაღაცებსაც არ ვეთანხმები, თუნდაც ორგანოების განლაგებასთან დაკავშირებით. იქ თქვა, რომ ვერ ვიგებ, რატომ არის სამი ორგანო ერთი დარტყმით დაზიანებულიო, ასევე, არ დავეთანხმე როდესაც თქვა, რომ ჭრილობა არის დახურული ტიპის და იქედან არ შეიძლებოდა სისხლი გადმოსულიყოო. გარკვეული დროის შემდეგ, მოსამართლისგან წამოვიდა შეკითხვა, რომ თუ ნაკვეთ-ნაჩხვლეტს არ მიეკუთვნება, რა ტიპის ჭრილობას მიეკუთვნება მაკრატელი და გარკვეული დუმილის შემდეგ დამოუკიდებელმა ექსპერტმა უპასუხა, რომ ეს მიეკუთვნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტ ჭრილობასო”,-აღნიშნა დადუნაშილის დედამ.

ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიმართ მისი და დაზარალებული ოჯახის უნდობლობის მიზეზები დადუნაშვილის ადვოკატმაც განმარტა.

„ჩემი დამოკიდებულება კიდევ უფრო არასანდო გახდა ამ ექსპერტის მიმართ, როდესაც ის ყველა ტელევიზიაში დადიოდა და თავისი დასკვნის სისწორეს ადასტურებდა. როდესაც ექსპერტმა გასცა დასკვნა და სასამართლოში მისცა ჩვენება, იქ უნდა დამთავრებულიყო მისი აქტივობა“, – განაცხადა იზო მაღლაკელიძემ.

ადვოკატის თქმით, ბოლო პერიოდში მაია ნიკოლეიშვილმა თავადვე დაადასტურა, რომ საკითხის კვლევისას გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელიც დამატებით კვლევას საჭიროებდა და მის კომპეტენციას სცდებოდა.

„შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სასამართლო სწორად მოიქცა, რომ არ გამოიყენა მისი დასკვნა, როგორც მტკიცებულება და არ გაიზიარა, სადაც ის ამბობდა, რომ საერთოდ სასიკვდილო ჭრილობებეზე არ იყო დანა გამოყენებული. ალბათ, ეს დასკვნა რომ გამოეყენებინა, ორივე ბრალდებული გამართლდებოდა, ლევან დადუნაშვილის ნაწილშიც გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ბრალდებული ადასტურებდა, რომ ლევანის წინ იდგა და მის მიმართ გამოიყენა დანა“, – განაცხადა დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები