აკაკი ზოიძე: ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესში ეკლესიის შეხედულებებსაც გავითვალისწინებთ
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის აკაკი ზოიძის თქმით, საქართველოს ეკლესიას ძალიან დიდი როლი ჰქონდა იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს ნარკოდამოკიდებულებისთვის პროფესიული, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურება და სერვისები არ გააჩნდა. მათი რეაბილიტაცია ხშირ შემთხვევაში სწორედ ეკლესიის წიაღში ხორციელდებოდა
აკაკი ზოიძე საპატრიარქოს პოზიციას, რომ ქვეყანაში ნარკომანიით დაავადებული ადამიანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისები უნდა განვითარდეს, მისასალმებელს უწოდებს.
„უნდა იყოს საგანმანათლებლო, მასობრივი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის პროგრამები, რომელიც ჩვენი ნარკოპოლიტიკის რეფორმის კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ის, რომ ბრძოლა გამსაღებლებთან უნდა გამკაცრდეს, ესეც ჩვენი ნარკორეფორმის შემადგენელი ნაწილია. ასევე, საპატრიარქოს პოზიციაა, რომ ნარკომომხმარებელი მხოლოდ მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა იჯდეს. ამიტომ ამ კუთხით აბსოლუტური თანხვედრაა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ამასთან, ზოიძის თქმით, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანებისთვის ეკლესიური წესის აგება მართლმადიდებელი ეკლესიისა და წმინდა სინოდის გადასაწყვეტია.
„ერთადერთი, რაზეც კომენტარს არ გავაკეთებ ისაა, რომ ახლა სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ეკლესია და სახელმწიფო ჩვენს ქვეყანაში გაყოფილია. იმის თაობაზე, თუ ეკლესიურ წესს მართლმადიდებლური ეკლესია როგორ და რა პრინციპით აუგებს ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს, ეს მართლმადიდებელი ეკლესიისა და წმინდა სინოდის გადასაწყვეტია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
რაც შეეხება მარიხუანას მიმართ და საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამოთქმულ პოზიციას, ზოიძე აცხადებს, რომ ის დღევანდელ მოცემულობაში ლეგალიზაციის სასტიკი წინააღმდეგია.
„იმ პირობებში, როდესაც პრევენცია არ არსებობს, ახალგაზრდებსა და საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია არ მიეწოდება, რომ ყველა ნარკოტიკი ჯანმრთელობისთვის მავნებელია და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკის მიღება სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს, ამ პირობებში ლეგალიზაცია დაუშვებელია. იმ პირობებში, რაც ორი წლის წინ პირველი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა, მართლაც ხშირ შემთხვევაში ცოტა გაურკვევლობაა და საკანონმდებლო ვაკუუმია. მე ვემხრობი მკაცრ რეგულირებას, რომ არ შეიძლება 13-14 წლის ბავშვები მარიხუანას ეწეოდნენ და ეს უმკაცრესად არ ისჯებოდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტი ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოების ძალიან დიდი ჯგუფის, მათ შორის ეკლესიის შეხედულებებსა და დამოკიდებულებას გაითვალისწინებს.
„ეს ისეთი საკითხია, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას ეხება. ჩვენ შეთავაზება გვაქვს, რომ იმ კომისიებში, რომლებიც შეიქმნება, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს და უმრავლესობის ფორმატში საბოლოოდ შევჯერდებით, კონსულტაციები დაუყოვნებლივ გაგრძელდება მთავრობის ფორმირების შემდეგ, შევთანხმდებით გადამისამართებისა და ნარკოდამოკიდებულების კომისიებში გარდა იურისტებისა, ექიმებისა, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისა, მონაწილეობა ეკლესიას შევთავაზეთ“, –აღნიშნა ზოიძემ.
საქართველოს საპატრიარქომ გუშინ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გაავრცელა, რომელშიც ნარკოპოლიტიკაზეც არის საუბარი.