ორ ქართველ გეიზე გადაღებული კომედიის პრემიერა აღარ გაიმართება
ორ ქართველ გეიზე გადაღებული ფილმის პრემიერა „ჩვენ გიჟები ვართ“ 17 მაისს აღარ გაიმართება. ამის შესახებ საგანგებო განცხადებას ფილმის ავტორები ავრცელებენ. მათი თქმით, ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 17 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა კომედიის წინააღმდეგ გამართული კამპანია განსაკუთრებით აქტიური და აგრესიული გახდა ბოლო დღეებში. ფილმის ავტორები მიიჩნევენ, რომ კომედიის ეკრანებზე გამოსვლა 17 მაისს ვიღაცამ შეიძლება დიდი პროვოკაციის და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამომწვევ მიზეზად გამოიყენოს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2014 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, იგეგმებოდა ჩვენი ფილმის, არატრადიციული კინოკომედიის ,,ჩვენ გიჟები ვართ” პრემიერა. ფილმის გადაღებები, რომლის სცენარიც ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწერა, ფინანსური და სხვა ობიექტური მიზეზების გამო არაერთხელ გადაიდო. მისი გადაღებების დაწყება 2014 წლის თებერვალში მოხერხდა.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფილმს არანაირი დაფინანსება არ გააჩნდა და გადაღებები მიმდინარეობდა, ძირითადად, გადამღები ჯგუფის წევრების ენთუზიაზმის ხარჯზე. თუმცა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მას შემდეგ, რაც 2014 წლის იანვარში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცნობა ჩვენი ფილმის შესახებ, სხვადასხვა ორგანიზაციის და კერძო პირის მიერ ჩვენს წინააღმდეგ აგორდა ბინძური, ცილისმწამებლური კამპანია, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა . ჩატარდა საპროტესტო აქციები იმ ფილმის საწინააღმდეგოდ, რომელიც ჯერ არავის ჰქონდა ნანახი. აგრეთვე ხდებოდა ზეწოლა და მუქარები პირდაპირ ჩვენი მისამართით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ფილმის გადაღებებისათვის. აღნიშნული კამპანია განსაკუთრებით აქტიური და აგრესიული გახდა ბოლო დღეებში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი ფილმის ეკრანებზე გამოსვლა 17 მაისს ვიღაცამ შეიძლება დიდი პროვოკაციის და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამომწვევ მიზეზად გამოიყენოს, რაც ავტომატურად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და მის სწრაფვაზე ევროინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და არასასურველი გადაწყვეტილება, ფილმის ,,ჩვენ გიჟები ვართ” პრემიერა 2014 წლის 17 მაისს აღარ შედგეს. ბოდიშს ვუხდით საზოგადოების იმ ნაწილს, რომლიც მოუთმენლად ელოდებოდა ფილმის ეკრანებზე გამოსვლას. აგრეთვე, ბოდიშს ვუხდით მთელ გადამღებ ჯგუფს. ფილმის პრემიერა შედგება უკვე ევროპულ საქართველოში”, – აღნიშნულია ფილმის რეჟისორის ოთარ მიქელაძისა და ფილმის პროდიუსერის დავით ბეჟიტაშვილის განცხადებაში.