„ვიპოვე ჩემი სამყარო, რომელიც მაბედნიერებს“… – მარიკა მამუჩიშვილის მრავალფეროვანი ნაქარგები

პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეარაბისტია. დაამთავრთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდეგ  ერთი  წელი  სირიაში, დამასკოს არაბული ენის ინსტიტუტში სწავლობდა.
ბავშვობიდან არ ხატავდა,  მაგრამ მუდამ ოცნებობდა, ხატვა შესძლებოდა.  ქსოვა დედამ შეასწავლა, თუმცა ქარგვა სერიოზულად 6 წლის წინ დაიწყო.  ინტერნეტში ნანახი სურათის შემდეგ მის ავტორს დაუკავშირდა სამხრეთ აფრიკაში.  ასე დაიწყო ხატვა ძაფებით და ლენტებით, რამაც საკუთარი თავი აპოვნინა.
ერთი წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოცულობითი ქარგვით შესრულებული  მრავალი საინტერესო ნამუშევარიც შექმნა.
თვითნასწავლი ხელოვანი ამბობს, რომ ყველა სურათში  დებსულის ნაწილს.  მოცულობითი ქარგვა ეხმარება, რომ საკუთარი დიზაინით სხვადასხვა აქსესუარიც დაამზადოს.  მისი ჰობია  მოგზაურობა  და კულინარია.
პერსონალური გამოფენის გამართვა კი უახლოეს გეგმებში შედის.

– ჩემს ბავშვობაზე და მშობლებზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი. ვთვლი, რომ თუ რამეს მივაღწიე, ეს მათი დამსახურებაა.
ოჯახში ვიზრდებოდით მე და ჩემი და. გვქონდა არაჩვეულებრივი ბავშვობა, ვინაიდან გვყავდა ძალიან კარგი მშობლები. მშობლები, რომლებიც მათი სიცოცხლის ბოლომდე ჩვენს  მეგობრებად დარჩნენ. მათი დამსახურებაა ჩემი სილაღე და თავისუფლების სიყვარული, რაც მთელი ცხოვრება მომყვება. ოჯახში არ არსებობდა რაიმე აკრძალვა. გვიშვებდნენ ყველგან, ყოველგვარი დროის ლიმიტის დაწესების გარეშე. მათ მთავარი – კარგისა და ავის გარჩევა გვასწავლეს და მოგვცეს არჩევანის თავისუფლება ყველა მიმართულებით. ერთადერთი, რასაც დედა მიპროტესტებდა, ჩემი „ზღვარგადასული“  წიგნების კითხვა იყო.
ვიყავი ჩხირკედელა, სახლში დაშლილი და აწყობილი მქონდა ყველა ელექტრომოწყობილობა. ოჯახში თუ რამე ელექტრო გაფუჭრდებოდა, იყო ჩემი ზეიმი. დედაც უკვე ისე მიეჩვია ამას რომ, მამას აღარ ელოდებოდა და პირდაპირ მე მეძახდა.  მახსოვს, ბოლოს ტელევიზორი რომ ვიყიდეთ, მამამ კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ ხელი არ დამედო.
პეპი გრძელწინდას  დევიზი, რომელიც მომყვება დღემდე – რაც აქამდე არ მიცდია, ვფიქრობ,  ეს აუცილებლად უნდა ვცადო – I have never tried that before, so I think I should definitely to be able to do that.
მახსოვს, სამოქალაქო ომის მერე ძალიან ჭირდა ყველაფერი. მამა პროდუქტს რომ მოიტანდა, დედა იწყებდა განაწილებას მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა მეზობლად. განსაკუთრებით უპატრონო მოხუცებზე და ბავშვებიან ოჯახებზე ამბობდა ხოლმე -„არ შემიძლია ვჭამო ხორცი, როდესაც ვიცი, რომ მეზობლის ბავშვი მშიერია“.
სადაც არ უნდა ვიყო, სულ მახსოვს დედას სიტყვები, -„თუ შეგიძლია გააკეთო სიკეთე და არ აკეთებ, ეს უკვე ბოროტებაა“. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი მშობლების კეთილშობილების მესამედიც რომ იყოს ჩემში.
–  ბავშვობიდან ხატავდით?
– არასოდეს არ ვხატავდი, მაგრამ ჩემი ოცნება იყო, რომ ხატვა შემძლებოდა. დედა ქსოვდა და ქარგავდა ძალიან კარგად. ქსოვა დედამ მასწავლა და შემდეგ, მეც ნაქსოვებში გადამქონდა ხატვის სიყვარული, ვქსოვდი აპლიკაციებით და ორნამენტებით.
– სკოლის პერიოდი…
– სკოლაში იმ დროს ვსწავლობდი, როდესაც ქვეყანაში დიდი ქარტეხილები მძვინვარებდა.  ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად კარგად ვსწავლობდი. კარგად ვსწავლობდი იმ საგნებს, რომლებიც მიყვარდა და მაინტერესებდა. იყო საგნები, რომლებიც პედაგოგების გამო მძულდა და მოვალეობის მოხდის მიზნით ვსწავლობდი. დღეს ბავშვები უფრო დაცულები არიან დესპოტი პედაგოგისგან, ვიდრე მაშინ ჩვენ. მახსოვს, გეოგრაფიის მასწავლებელი, უსასტიკესი ქალი. სერიოზული სტრესი იყო გაკვეთილზე შესვლა. გაკვეთილი სხაპა-სხუპითაც რომ მცოდნოდა, დაფასთან გასული ბრინჯივით ვიბნეოდი. ერთხელ რაღაც ვერ მოვხაზე რუკაზე, და მახსოვს, ისეთი მიჩქმიტა მკლავზე, კარგა ხანს იდაყვამდე მქონდა დალურჯებული. რა თქმა უნდა, სახლში ვთქვი, რომ რაღაცას მივარტყი.
პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე ხართ…
– პროფესიით ვარ აღმოსავლეთმცოდნე – არაბისტი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდეგ ერთი წელი ვსწავლობდი სირიაში, დამასკოს არაბული ენის ინსტიტუტში. თბილისში სწავლის პერიოდიდან მახსენდება, გაყინული აუდიტორიები და ბიბლიოთეკები. ძალიან მწირი ლიტერატურა. ნამდვილი არაბული გაზეთი პირველად დამასკოში ვნახე.
სტუდენტობა ყველაზე მეტად  დამასკოში ვიგრძენი.ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ხანა ჩემს ცხოვრებაში.  თავიდან, ემოციურად იყო ძალიან რთული, ვინაიდან პირველად მომიწია მშობლების გარეშე დამოუკიდებლად ყოფნამ უცხო ქვეყანაში. მაგრამ ვთვლი, რომ იმ პერიოდმა გარდამტეხი როლი შეასრულა ჩემს ჩამოყალიბებაში. იმ დროს შეძენილი მეგობრები, დღეს უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან. არდადაგების დროს, თითქმის შემოვიარეთ მთელი სირია. ეს იყო ქვეყანა-მუზეუმი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, პრაქტიკულად განადგურებულია.
 ინტერნეტიდან დაინტერესდით ლენტებით ქარგვით და უკვე მრავაფეროვან  ნაქარგებს ქმნით. როდის იგრძენით, რომ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა?
– დავიწყებ იმით, რომ პროფესიონალი მხატვარი არ ვარ. არანაირი განათლებაარ მაქვს და არც ხელოვანს ვუწოდებ ჩემ თავს. ჩემი ნამუშვრების განსაკუთრებულობა ისაა, რომ ყოველ ნამუშევარში ვდებ მთელ გულს და სულს, არ არსებობს ნამუშევარი, რომელიც მოვალეობის მოხდის მიზნით გამიკეთებია.
დაახლოებით 6 წლის წინ, ინტერნეტში პირველად ვნახე სურათი, რომელიც ისეთი ტექნიკით იყო შესრულებული, რაც მანამდე არ მქონდა ნანახი. როდესაც ვიწყებ საქმეს, ვუდგები მთელი სერიოზულობით. ინტერნეტით მოვიძიე მასალა. დავუკავშირდი სურათის ავტორს, რომელიც არის სამხრეთ აფრიკელი დას ვან ნიკერკი, ამ საქმის დედოფალი. მან მომცა პრაქტიკული რჩევები. პირველი ნამუშევარი, რა თქმა უნდა, ისეთი კლასის არ იყო, როგორიც დღევანდელია, მაგრამ დაის შეფასებით, მქონდა განსაკუთრებული ტალანტი და არ უნდა გავჩერებულიყავი. მეორე ნამუშევარი უკვე, მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებულად შეფასდა.
როგორც კი დავიწყე პირველი სურათი, მივხვდი, რომ ამის გარეშე მე ვეღარ გავძლებდი. ეს ჰგავდა ჩემი ოცნების ასრულებას, რომ შემძლებოდა ხატვა, ოღონდ ძაფებით და ლენტებით. რა თქმა უნდა, მაშინ ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა არც მიფიქრია. ვიპოვე ჩემი სამყარო, რომელიც მაბედნიერებდა  და სადაც, როგორც თევზი წყალში, ისე ვიყავი. ეს ძალიან დამეხმარა, რომ დედის გარდაცვალებით გამოწვეულ სტრესსა და დეპრესიას გავმკლავებოდი.  ამან გადამარჩინა.
როგორ არჩევთ ფერებს და კომპოზიციებს?
– წინასწარ არ ვფიქრობ, რას გავაკეთებ. მოდის უცბად რაღაც და ვხედავ, როგორი უნდა იყოს. როდესაც ვჯდები და ვიწყებ, არ მაქვს დროის შეგრძნება. ვიდრე სურათზე ვმუშაობ, აბსოლუტურად გათიშული ვარ გარესამყაროსგან. არის სურათები, რომლებიც ერთ დღეში დამიმთავრებია, არის ისეთებიც, რომელზე მუშაობასაც ერთი თვე დასჭირვებია.
–  რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?
იმის მიუხედავად, რომ ყველა სურათში ვდებ ჩემს ნაწილს, მაქვს რამდენიმე სურათი, რომელსაც ვერ შეველევი. ისინი თბილისში დავტოვე და ორი ამერიკაშიც წამოვიღე.  მინდა, რომ ესენი სულ თან მქონდეს.
ვიცი, რომ საკუთარი ხელით ღებავთ მასალებსაც… თვითნასწავლი  ხელოვანი როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს?
– ძირითადად, ვმუშაობ ბუნებრივი აბრეშუმის ლენტით. ძაფით. ვიყენებ ხელოვნურ აბრეშუმსაც, როდესაც რაღაც დეტალი ითხოვს განსაკუთრებულ დამუშავებას. შემიძლია გამოვიყენო, ნებისმიერი მასალა, თუ მის ადგილს ვხედავ ნამუშევარში. კატეგორიულად ვერ ვმეგობრობ ატლასის ლენტებთან. ჩემი აზრით, ნამუშევრის კლასს, შესრულებული ტექნიკის გარდა მასალის ხარისხიც განსაზღვრავს. თუ ვაკეთებ და პრეტენზია მაქვს, რომ უნდა იყოს კარგი, მასალაც უნდა იყოს კარგი. საქართველოში ყოფნის დროს, ყველაფერს ვიწერდი ამერიკიდან.
სიმართლე გითხრათ, ფერებთანაც  ჩემი დამოკიდებულება მაქვს. დღემდე არ ვიცი, რომელი ფერის შერევით, რა ფერს მივიღებ. წმინდა ინტუციურად მივყვები ამას. ერთი ვიცი, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს ბუნებრივ ფერებთან მიახლოებული, ვინაიდან ბუნებაში არ არსებობს ე.წ. შხამიანი ფერები.
–  ამერიკის შეერთებულ შტატებში ხართ. თუ არის დაინტერესება  იმ  ხელოვნებით, რასაც  ქმნით და რასაც მოცულობითი ქარგვა ჰქვია?
– ერთი წელია, რაც ამერიკაში გადმოვედი საცხოვრებლად. აქ ეს მიმართულება პრაქტიკულად აუთვისებელია. ყოველ შემთხვევაში, ვისაც ვაჩვენე, ყველასთვის  ახალი იყო და აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ.
ხშირად მეკითხებიან, განსაკუთრებით ყვავილებზე, რომ გახმება ეს ყვავილები, ხომ არ ჩამოცვივდება, ან სუნი აქვს ყვავილებსო? როდესაც ვეუბნები, რომ ესენი ლენტითაა გაკეთებული, ითხოვენ, რომ ხელით შეეხონ. ეს არის შესაძლებლობების ქვეყანა – სადაც თუ მოთმინებთ იშრომებ, აუცილებლად მოვა წარმატება!
ნიუ-იორკში გქონდათ გამოფენა….
– 2017 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მონაწილეობა მივიღე „მადატარტის“ მიერ  მოწყობილ ჯგუფურ გამოფენაში.
2018 წელს მარტ-აპრილში, ბერლინში, „მაკოვსკის გალერეაში“  ჯგუფურ გამოფენაში ვმონაწილეობდი.
მანამდე თბილისში მქონდა რამდენიმე გამოფენა. სამომავლოდ, აუცილებლად ვგეგმავ  პერსონალურ გამოფენას.
ალბათ  ქარგვის  გარდა  სხვა  სახის  ნამუშევრების შექმნსაც აპირებთ… ჩანთა  ვნახე ქვენს ფეისბუქზე…
– კი, საკუთარი დიზაინით შევქმენი კაბა, ბლუზა, საქორწინო კაბა, ჩანთები და აქსესუარები. მოცულობითი ქარგვა ძალიან მეხმარება ამაში. მომავალში ამ მიმართულებით ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას.
რამდენად ახერხებთ ნამუშევრების რეალიზებას?
– ჩემი ნამუშევრების 90% გაყიდულია. საქართველოშიც და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. რაც აქ ჩამოვედი, ჯერ სერიოზულად არ მომიკიდია მაგ საქმისთვის ხელი. პერსონალური გამოფენის მერე, უკვე აუცილებლად ვიზრუნებ მაგაზეც.
ჰობი?
– თუ ქარგვას უკვე პროფესიად ჩავთვლით, მაშინ – მოგზაურობა  და კულინარიაც. ჩემთვის კულინარიაც ხელოვნების ერთ-ერთი დარგია.
ოცნება?
– უჰ, გრანდიოზული ოცნება მაქვს, რომ ავიხდენ, აუცილებლად გეწვევით ახდენილი ოცნებების რუბრიკაში!
ოჯახი…
– მყავს და, რომელიც არის ჩემი ოჯახის და წარმატების ერთადერთი და განუყოფელი ნაწილი.
სამომავლო გეგმები
– უახლოესი სამომავლო გეგმაა, პერსონალური გამოფენის გამართვა…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები