“საპენსიო რეფორმა ყველამ ერთად ძალიან კარგად უნდა განვახორციელოთ, რომ თითოეული ადამიანისთვის ღირსეული საპენსიო ასაკი უზრუნველყოფილი იყოს”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის – „დაგროვებითი პენსიის შესახებ” იმსჯელეს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი,რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშუალებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი.

„ფისკალური სტაბილურობის გათვალისწინებით, დაგროვებითი პენსია ყველაზე ოპტიმალურ მოდელს წარმოადგენს საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის გაუმჯობესების კუთხით”, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, საპენსიო შემოსავლების დივერსიფიკაცია ამცირებს საპენსიო რისკებს და აუმჯობესებს ჩანაცვლების კოეფიციენტს. საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაგროვებითი ხასიათის დანაზოგების სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მთლიან საპენსიო უზრუნველყოფაში.

„დანაზოგების სისტემა პირს საშუალებას აძლევს უკეთ დაგეგმოს მომავალი საპენსიო შემოსავალი და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სოციალური უზრუნველყოფის პაკეტზე. გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ პენსიასთან ერთად მნიშვნელოვნად გაზრდის პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტს”, – აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ის მხარს უჭერს რეფორმას, „ეს რეფორმა ყველამ ერთად ძალიან კარგად უნდა განვახორციელოთ, რომ თითოეული ადამიანისთვის ღირსეული საპენსიო ასაკი იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს „სოციალური მუშაობის შესახებ” კანონპროექტი. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განმარტებით, კანონპროექტში რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა. მესამე მოსმენით განიხილეს, ასევე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, ინტერნეტში ბავშვთა უფლებების დაცვა ძალიან მტკივნეული საკითხია. „ის, რომ ძალადობა, უხამსობა როგორც ინტერნეტში, ასევე მედიაში, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენ ვმუშაობთ ბავშვის კოდექსზე, რომლითაც ბავშვის დაცვა, მათ შორის, საჯარო სივრცეში, ერთ-ერთი მიმართულებაა. კოდექსის სამუშაო ვერსია უკვე არსებობს და კარგი იქნება თქვენი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოვისმინოთ”, – მიმართა სოფო კილაძემ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ვახტანგ აბაშიძეს.

კომიტეტმა განიხილა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებით გამოწვეული შესაბამისი ცვლილებები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ცვლილებები შედის ორგანული კანონის პროექტში „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ”.

სოფო კილაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის თანხმობა აუცილებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის დაკავების ან დაპატიმრების, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკის შემთხვევებში, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა პარლამენტის თანხმობას არ საჭიროებს, მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს 6 წლის ვადით. შესაბამისად, მისი უფლებამოსილების შეწყვეტაც შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის გადაწყვეტილებით.

ცვლილებები შედის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონში. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის პირველი მუხლის „დ”−„ვ” ქვეპუნქტებსა და მე-3 მუხლში. ცვლილების თანახმად, აღნიშნულ ნორმებში მიეთითება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” 2018 წლის 23 მარტის N2071-IIს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ახალი ნუმერაცია და ტერმინოლოგიური თავლსაზრისით შესაბამისობაში მოვა მასთან.

კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ცვლილებები შედის, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში. როგორც სოფო კილაძემ განმარტა, კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტში არსებულთან ერთად დამატებით მიეთითება, რომ ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების და სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციის დამუშავებაზე. ამავე კანონპროექტით, ნაცვლად ტერმინისა „ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება”, მიეთითება ტერმინი „სახელმწიფო უსაფრთხოება”.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები