ანსამბლი „რუსთავი” ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს ოზურგეთში გამართავს
ანსამბლი „რუსთავი” ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს ოზურგეთში გამართავს. ინფორმაციას, ანსამბლი „რუსთავი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2025 წლის 10 აგვისტოს, 18:00 საათზე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება კონცერტი, რომელიც გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ანსამბლ „რუსთავის” დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის იუბილეს ეძღვნება.
„ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით იმართება. ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი” კონცერტზე ტრადიციული პროგრამით წარდგება.
ანსამბლი დღესაც აგრძელებს ანზორ ერქომაიშვილისა და ქორეოგრაფიული ხელოვნების გამორჩეული მოღვაწის, ფრიდონ სულაბერიძის მიერ დაწყებულ დიდ საქმეს და ღირსეულად წარმოადგენს ქართულ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. „რუსთავი” ინარჩუნებს უმაღლეს შემოქმედებით სტანდარტს და კულტურულ ფასეულობებს ახალ თაობებს გადასცემს.
დასწრება შესაძლებელია მოსაწვევებით,“- ნათქვამია ინფორმაციაში.