იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნო
წყალტუბოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მუნიციპალიტეტის მერ გენადი ბალანჩივაძესთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კიდევ 7 უსახლკარო, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.
“სოციალურად მოწყვლადი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა საცხოვრებელი ფართისა ოჯახებს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცემათ.
რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში (თერჯოლა, წყალტუბო, სამტრედია, ბაღდათი, ზესტაფონი) უსახლკარო ოჯახების დახმარების პროგრამა მესამე წელია ხორციელდება. პროგრამის ეგიდით წლის ბოლოს 85-მდე ოჯახი იქნება საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი,”- წერია ინფორმაციაში.