გვატემალაში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ
გვატემალაში, ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად მიყენებულ ზარალს სახელმწიფო ჯერ კიდევ ითვლის, ხოლო მაშველები ამ დრომდე ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს.
ცნობილია, რომ ამოფრქვევის შედეგად სრულიად განადგურდა რამდენიმე სოფელი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად 200 ადამიანი ითვლება, ხოლო გარდაცვლილია 110. ხელისუფლება გვამების ამოცნობის პროცედურას ვერ ატარებს, იმის გამო, რომ ცხედრები დასახიჩრებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ცხედარს „დნმ“-ის ანალიზი ჩაუტარდება, რათა დადგინდეს მათი ვინაობა.
ადგილობრივები ამ დრომდე სტიქიის ზონაში იმყოფებიან და ნანგრევებში თავიანთ ოჯახის წევრებს ეძებენ.
სოფელ Los Lotes-ის ერთ-ერთი მაცხოვრებლის ისტორიამ კი, მთელი ქვეყანა შეძრა. ეუფემია გარსიას მთელი სოფელი და მაშველები ეხმარებიან ნათესავების ძებნაში. ვულკანმა „ფუეგომ“ მისი 50 ნათესავი იმსხვერპლა, მათ შორის მისი შვილები და შვილიშვილები. ეუფემია გარსია ვარაუდობს, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი და ნათესავი რამდენიმე მეტრიანი ლავის ქვეშაა მოყოლილი.
შეგახსენებთ, რომ გვატემალას მთავრობამ ვულკანის მიმდებარე ტერიტორიები სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა და განგაშის წითელი დონე მიანიჭა. მაშველები ვულკანის ფერფლსა და ლავაში დაკარგულებს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.