აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას 300 ბენეფიციარით მეტი მიიღებს
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება, რომელთა მიხედვით, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას 300 ბენეფიციარით მეტი მიიღებს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებული პროგრამული ცვლილებების შესახებ განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
„მუდმივად იზრდება მოთხოვნა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსურველმა შეძლოს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღება“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, წარმოდგენილი პროექტით, ბენეფიციართა რაოდენობა 300-ით გაიზრდება და ქვეპროგრამის ფარგლებში უკვე 2 700 ბავშვი დაფინანსდება.
„ასევე, მუდმივად იზრდება ქვეპროგრამის მიმწოდებელი ცენტრების რაოდენობა და ჩვენს ბავშვებს და მოზარდებს უკვე 15 ცენტრი ემსახურება. ეს სიახლე მიზნად ისახავს აღნიშნული საჭიროების მქონე ოჯახების გვერდით დგომას, რაც ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.