ავღანეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას, „თალიბანის“ 10 მებრძოლი მოკლეს
ავღანეთის სპეციალური დანიშნულების ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ 10 მებრძოლი მოკლეს.
მანამდე კი, ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ „რამადანის“ დასრულებასთან დაკავშირებით, „თალიბანის“ მიმართ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. ცნობილია, რომ მოკლულებს შორის 5 პაკისტანის მოქალაქეა.
„ჩვენ სპეცოპერაცია დავასრულეთ, ახლა კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას აღვასრულებთ“, – განაცხადა ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ავღანეთის პრეზიდენტმა გუშინ მიიღო, რაც პოზიტიურად შეაფასა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა, თუმცა რამდენიმე დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა გადაწყვეტილების აღსრულება ეჭვქვეშ დააყენა.