“საპირფარეშოში უნიტაზი არ არსებობს”, “დერეფანში რეპავდა” – სკოლა ზაზა სარალიძეს პასუხობს
„მე ვარ ბიჭი პოზიტივი“, – ასე ეძახდა საკუთარ თავს 51 -ე საჯარო სკოლის მოსწავლე დათო სარალიძე, რომელიც 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, ლევან დადუნაშვილთან ერთად მოკლეს.
როგორც „კვირას“ 51 -ე საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ განუცხადა, დათო სარალიძე დადებითი მოსწავლე იყო, საკუთარი მისწრაფებები ჰქონდა, უყვარდა სპორტი, ჰუმანიტარული საგნები.
„სკოლაში სპორტული შეჯიბრებების ღონისძიება უნდა ჩაგვეტარებინა. ამ ღონისძიების ორგანიზატორი დათო იყო, თვითონ დარბოდა სხვადასხვა სპორტულ მაღაზიებში, რომ თასები და მედლები მოეძია. სპორტი ძალიან უყვარდა. კარგი მოსწავლე იყო. დერეფანში დადიოდა და რეპავდა: „მე ვარ ბიჭი პოზიტივი“. ერთადერთი, რაც დათოსთან პრეტენზია გვქონდა, ის იყო, რომ ფიზიკურად დიდი იყო და ბუფეტში რომ ჩადიოდა, ამის შემდეგ გაკვეთილზე იგვიანებდა ხოლმე. ხელში სულ ლობიანი ეჭირა“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
თურქაძე კატეგორიულად გამორიცხავს, გარდაცვლილი დათო სარალიძის მიმართ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ დისკრიმინაციულ ინფორმაციებს. როგორც დირექტორი ამბობს, იგი პირადად წერდა იმ პირებს, ვინც დათო სარალიძეზე შეურაცხმყოფელ ინფორმაციებს ავრცელებდა.
ამასთან, „კვირასთან“ საუბრისას, სკოლის დირექტორი ბორის კაკუბავას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კაკუბავამ დათო სარალიძე მოსწავლეების ბულინგში დაადანაშაულა.
„ის, რაც თქვა ბორის კაკუბავამ, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება. რადგან სკოლის საპირფარეშოში უნიტაზი არ არსებობს. როგორც კი ბორის კაკუბავამ ეს ინფორმაცია გააჟღერა, მაშინვე დავურეკე კაკუბავას შვილს და ა.ს.-ს დედას, რომელმაც მითხრა, რომ ოჯახი ამ განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება. ყოველივე ეს, ბორის კაკუბავამ ოჯახის გვერდის ავლით განაცხადა. მოსაზრება, რომ დათო სხვა მოსწავლეებს ჩაგრავდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ყველას უყვარდა დათო და ჩვენ, მთელი სკოლა განვიცდით ამ ტრაგედიას“, – აცხადებს 51 -ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ აზრს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მისი შვილი, თითქოსდა, მოძალადე იყო. მან ჟურნალისტებთან საუბრისას, სკოლის ადმინისტრაციას მიმართა და მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გამოააშკარაონ მისი შვილის ვინაობა, უარყონ ან დაადასტურონ ეს ინფორმაცია.