ლტოლვილებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა – დაღუპულია 5 ადამიანი
საბერძნეთში სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.
ცნობილია, რომ სალონიკის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ერაყელი და სირიელი ლტოლვილები გადაჰყავდა, როდესაც ტრასაზე მოძრაობისას ჯებირს შეეჯახა. გარდაცვლილებს შორისაა სამი ლტოლვილი ბავშვი და მძღოლი.
პოლიციას მომხდარის შესახებ გამვლელებმა შეატყობინეს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მიკროავტობუსი პოლონური სახელმწიფო ნომრით გადაადგილდებოდა საბერძნეთში, ხოლო გარდაცვლილთა ზუსტი ვინაობის დადგენა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი ასობით ათასი ლტოლვილისთვის ერთგვარ კორიდორს წარმოადგენს ევროპის ქვეყნებში მოსახვედრად, განსაკუთრებით მათთვის, ვინაც სირია და ერაყი საომარი მოქმედებების გამო დატოვა თავშესაფრის ძიების მიზნით.