პუტინი: სკრიპალები, სამხედრო საწამლავით მოწამვლის შემთხვევაში ვერ გადარჩებოდნენ
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, „პირდაპირი ხაზის“ მეშვეობით, მოქალაქეების კითხვებს პასუხობს. ცნობილია, რომ მან უკვე მოსახლეობის მიერ დასმულ არაერთ კითხვას უპასუხა.
რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებზე, პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპაში უკვე საჯაროდ საუბრობენ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმების აუცილებლობაზე. „ამაში მხოლოდ პირადი საუბრები არ იგულისხმება. ამ საკითხზე უკვე ალაპარაკდნენ საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები, ასევე მოლაპარაკებები მქონდა ავსტრიასთანაც“, – აღნიშნა პუტინმა.
ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებით, პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანას, ეკონომიკური განვითარების მხრივ, სწორი კურსი აქვს აღებული, მიუხედავად იმისა, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 1.5 პროცენტია.
პუტინმა რეგიონალურ კონფლიქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალურ კონფლიქტს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ადგილი არ ჰქონია. „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩვენ შედარებით გლობალური მშვიდობის პირობებში ვცხოვრობთ. აქა-იქ ხდება რეგიონალური კონფლიქტების გაჩაღება. შეგვიძლია გავიხსენოთ ვიეტნამის ომი, კონფლიქტი კორეის ნახევარკუნძულზე. ახლო აღმოსავლეთში მუდმივად აქვს ადგილი კონფლიქტებს, თუმცა, გლობალურ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. იმის გააზრებამ, რომ მესამე მსოფლიო ომი შესაძლოა დღევანდელი ცივილიზაციის დასასრული გახდეს, უნდა შეგვაკავოს უკიდურესად სახიფათო ქმედებებისგან საერთაშორისო არენაზე.“
სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით, პუტინმა აღნიშნა, რომ მას დიდი სურვილი აქვს, დიდმა ბრიტანეთმა სკრიპალების საქმის დეტალებში, რუსული მხარეც გაათვითცნობიეროს, რათა მიმდინარე გამოძიებაში რუსეთმაც მიიღოს აქტიური მონაწილეობა. სკრიპალების საქმეზე პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სერგეი და იულია სკრიპალები, სამხედრო დანიშნულების საწამლავით მოწამვლის შემთხვევაში, არცერთი მათგანი არ გადარჩებოდა, თუმცა, ეს არ მოხდა. ამიტომ, პუტინს მიაჩნია, რომ გამოძიებას სრულიად სხვა შემთხვევასთან აქვს საქმე. „იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საქმის მასალებზე წვდომა არ გაგვაჩნია, მომხდარზე კომენტარის გაკეთება მიჭირს“,- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურად რუსეთის მოსახლეობის კითხვებს „პირდაპირი ხაზის“ მეშვეობით პასუხობს. ცნობილია, რომ პრეზიდენტს, უკვე 2 მილიონამდე ადამიანმა დაუსვა კითხვა.