ფაქიზი სულის მხატვარი, რომელიც ბავშვობაში კარატეში კახეთის ჩემპიონი გახდა… 

მისი ბავშვობა სიღნაღის სანახებიდან იწყება.  ძალიან პატარამ დაიწყო ხატვა… თუმცა ჰქონდა მეორე გატაცებაც – კარატე. 12 წლის ასაკში კახეთის ჩემპიონობა მოიპოვა. მაგრამ ხატვის სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა… შემდეგ იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. გამოფენები… უძილო ღამეები… ახლახან „ტიფლის ბრანჩიში“ გახსნილი ახალი პერსონალური გამოფენა ერთ თვეს გასტანს, სადაც 40 ნამუშევარი წარადგინა სერიიდან: „ლურჯი ამოსუნთქვა“.
5 პერსონალური გამოფენის ავტორია. ხელოვნების მაგისტრია სახვითი ხელოვნების სპეციალობითამავე დროს, არის .ჰესლერის ფონდის კონკურსის პრიზიორი. – მარიამ ბაიდოშვილის პერსონა.

– ბავშვობა, მართლაც, მრავალფეროვანი იყო, მახსოვს, დავდიოდი ცეკვაზე, ხატვაზე, კარატეზე, ცურვაზე, მიღწევები უფრო კარატეში მქონდა, როდესაც კახეთის ჩემპიონი გავხდი. უამრავი სიგელი და ჯილდო მიმიღია, მაგრამ მაინც ხატვის უდიდესმა სიყვარულმა გადამძალა. დედა და მამა ყოველთვის გვერდში მედგნენ და უზრუნველყოფდნენ ჩემს მხატვრობას. არაფერს მაკლებდნენ, ოღონდ მეხატა. დღეს მხატვარი რომ ვარ, მამაჩემის დამსახურებაა.  ჩემი ცხოვრების წლების ათვლა მხატვრობიდან იწყება.
კარატეზე ახლაც დადიხარ?
– არა, მაგრამ ძალიან მიყვარს. დრო რომ მქონდეს, გავაგრძელებდი აუცილებლად.
–  კარატეში რომ გახდით ჩემპიონი, მაშინ უკვე ხატავდით?
–  ძალიან პატარა ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე… პარალელურად კარატეზე დავდიოდი, 12 წლის ასაკში მოვიპოვე კახეთის ჩემპიონის ტიტული.
– თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების მაგისტრი ხართ სახვითი  ხელოვნების სპეციალობით…
– აქტიური სტუდენტი არ ვიყავი, რაზეც დღეს გული მწყდება.
– 5 პერსონალური გამოფენის ავტორი ხართ…  განცდა, რომელიც გამოფენიდან გამოფენამდე მოდის…
– ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა მახსოვს, რა განცდაც მაშინ მქონდა, ზუსტად იგივე განცდები გრძელდება, გამოფენის წინ არ მძინავს ღამეები, ყოველთვის უცნაური მოუსვენრობა მეუფლება, ვცდილობ, ყოველთვის ყველაფერი კარგად ჩატარდეს.
– ახლახან გაიხსნა ახალი გამოფენა, სადაც 40 ნამუშევარი წარმოადგინეთ სერიიდან: „ლურჯი ამოსუნთქვა“.  ნახატებზე ანგელოზები და ზამთარია… როგორ შეიქმნა ეს სერია?  წელიწადის რომელი დრო გიყვართ ყველაზე მეტად?
–  ბოლო დროს ლურჯი ფერებით მუშაობა მსიამოვნებს, ეს შიგნიდან მოდის, მამშვიდებს. ახალი კოლექცია ბოლო 6 თვეში შეიქმნა. მთელი ზამთარი  ანგელოზებს და ზამთარს ვხატავდი…  ჩემი დისშვილი, პატარა მარიამია ამ ანგელოზების ინსპირაცია. აქამდე არასდროს დამიხატავს ანგელოზი. ჩემი საყვარელი თვე მაისია, მე სწორედ მაისში  დავიბადე.
– რა გჭირდებათ შთაგონებისთვის?
– ადრე მუზებს ვაბრალებდი და ველოდებოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერი შრომით და ხატვის სიყვარულით მოდის, არ მჭირდება რაღაც განსხვავებულის ხატვა. ყოველი დილა ხატვით იწყება. ეს ჩემთვის ყველაფერია. ბუნება მკარნახობს რა გავაკეთო, ძალიან მიყვარს ბუნებასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით ცის ყურება, დიდ განცდას იწვევს კახეთის ცა, მსგავსი ცა არსად მინახავს.
ხშირად ხატავთ იაგუარებს და ავაზებს…
– ეს ცხოველი ძალიან საინტერესოა, მდუმარეა, ამავდროულად, მრისხანე და ძალიან ძლიერი.
– ჰობი…
– ჩემთვის ყველაფერი მხატვრობაა, ყოველი ახალი ნახატის შექმნა, ახალი სიცოცხლის დაბადება, ტილოსთან დგახარ ანთებული, არ იცი, რას აკეთებ.., უცებ, ერთი ხელის მოსმით, რაღაც სიგიჟეს დაატრიალებ და ამოისუნთქებ, მერე შორიდან უყურებ და აკვირდები, ფიქრობ, რა გააკეთე, ეს წუთები ყველაფერია. საოცრებაა.
–  სამომავლო გეგმები…
– მინდა ჯერ საქართველოში დავიმკვიდრო სახელი, რაც მოგეხსენებათ, ძალიან ძნელია დღეს ხელოვნებაში, შემდეგ აუცილებლად წავალ საზღვარგარეთ.
რა არის მხატვრის პრობლემა დღევანდელ საქართველოში?
 – საქართველოში ყველაფერი რთულადაა, არაფერი არ ხდება მხატვრობისთვის, მხატვარს კი აუცილებლად სჭირდება შემოქმედებითი ზრდა, საქართველოში მხოლოდ სახელოვან მხატვრებს ეხმარებიან. ცუდია, თანამედროვე მხატვრებს არავინ რომ არ გვიდგას მხარში.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები