ოთარ ჩრდილელი: ვინ მოკლა ბავშვი?!-ამ უმძიმეს კითხვას პასუხი უნდა გაეცეს

„ვინ მოკლა ბავშვი?! – ამ უმძიმეს კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, – ამ სიტყვებით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი პროკურატურას და საქალაქო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ოთარ ჩრდილელი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რომ არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ და გასცენ პასუხი საზოგადოებას, ვინ მოკლა 51 -ე სკოლის მოსწავლე დავით სარალიძე.
„ბატონ ზაზა სარალიძის მსგავსად, კითხვები აქვს საზოგადოებას და ბუნებრივია, – მათ შორის მეც.
უმძიმესია სამართლებრივ ასპექტებზე საუბარი, როდესაც საქმე არასრულწლოვანთა მკვლელობას ეხება…
უმთავრესი არის კითხვა: ვინ მოკლა ბავშვი – ამ უმძიმეს კითხვას უნდა გაეცეს არგუმენტებით გაჯერებული პასუხი, ისე, რომ გაურკვევლობის ნატამალიც არ ჩანდეს.
სენსიტიურად ფრთხილი საკითხისადმი მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებას უმორჩილესად ვთხოვ, შესაბამის სამსახურებს, პროკურატურას, სასამართლოს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, მასმედიას.
საქართველოს არცერთ მოქალაქეს, ჩვენი ხელისუფლების დროს, არ უნდა ჰქონდეს უმცირესი განცდაც კი, რომ ,,სისტემა” მას ჭყლეტს.
ვიტოვებ იმედს და მჯერა, რომ თითოეული დამნაშავე გამოვლინდება და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება! – წერს ოთარ ჩრდილელი.
ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.
განაჩენით, სასამართლომ ვერ დაადგინა ვინ მოკლა 51 -ე საჯარო სკოლის მოსწავლე დავით სარალიძე. ორვე ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდზე, განაჩენით გამართლდნენ.
რაც შეეხება მეორე გარდაცლილს, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში, განზრახ მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა და განზრახ მკვლელობის მცდელობად შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები