ფიროსმანის დრო მუდამ არის – მას ლონდონი და ნიუ-იორკი ელოდება

ლონდონის Close-up სინემა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს საგანგებო პროგრამას უძღვნის.
ფესტივალ „კინოში ასახული ცხოვრებისა“ და ფონდ cARTveli-ის მხარდაჭერით (97 Sclater St. London, E1 6HR), გაიმართა ახალგაზრდა ქართველი ავტორების: ალექსი სოსელიას, ზურა ცოფურაშვილისა და სოფია ტაბატაძის ვიდეონამუშევრების ჩვენება.
მაყურებელმა ასევე ნახა ქართული კინოკლასიკის ნიმუში, გამოჩენილი ქართველი კინოხელოვანის, გიორგი შენგელაიას ფილმი „ფიროსმანი“(1971). ქეთი ჯაფარიძისა და ლიკა თარხან-მოურავის, ასევე მათი ბრიტანელი თანამოაზრეების – გარეტ ევანსისა და დანიელ ბირდის მიერ წარდგენილი პროგრამა არის ძალზე დროული და საყურადღებო განაცხადი და მინდა მადლობა ვუთხრა მათ ამ გარჯისთვის.
როგორც მოგეხსენებათ, წლეულს გენიალური ქართველი მხატვრის გარდაცვალებიდან 100 წლისთავიც შესრულდა და ეს დამთხვევა შესაფერ საბაბს იძლევა საიმისოდ, რომ უფრო მეტი ვილაპარაკოთ, თუ როგორ დაივიწყა ფიროსმანი ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ (ანუ, რაც დამოუკიდებლობა მეორედ მოიპოვა, 1991 წელს). ეს ფილმი ადრეც რამდენჯერმე უჩვენეს ლონდონის სხვადასხვა ვინიუზე და მუდამ იყო მისით, როგორც საოცარი კინოტექსტით აღტაცება.
განა არ დადგა დრო, ფიროსმანის ლონდონში ან ნიუ-იორკში ჩატანისა? იგი 1969 წელს უკვე იყო გამოფენილი ლუვრში და ამის მერე მას სამეფო აკადემიაზე, ტეიტ მოდერნზე, მეტროპოლიტენ მუზეუმსა და MoMa-ზე ნაკლებ ვენიუზე გატანა არაფერს შემატებს. თუკი, 1969 წელს შალვა ამირანაშვილმა შეძლო კომუნისტური ისტებლიშმენტის დარწმუნება, რომ ფიროსმანი აუცილებლად უნდა ეხილა პარიზს, რა უნდა უშლიდეს ხელს აწ უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაში ჩვენი უპირველესი მხატვრის მსოფლიოსთვის გახსენებას და ხელახლა აღმოჩენას?
ახლახან დავბრუნდი ნიუ-იორკიდან, რომლის MoMa-შიც ვნახე ბრაზილიელი მხატვარი ქალის ტარსილა დო ამარალის (1886–1973) გამოფენა. ეს მხატვარი კარგა ხანს იყო მივიწყებული და მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყეს მასზე საუბარი, როგორც ბრაზილური მოდერნიზმის დედაბოძზე. 1923 წელს იგი წერდა: ,,მე მინდა, ჩემი ქვეყნის მხატვარი ვიყოო“ და მართლაც, წარმატებით დაძლია ეს ამოცანა, მის უჩვეულო კომპოზიციებსა და ლანდშაფტებში უმალ ბრაზილიის სულს აღმოაჩენთ.
მართალია, ფიროსმანს მსგავსი დეკლარაცია წერილობით არ გაუკეთებია, მაგრამ მისი ტილოების მხილველი იქ უმალ საქართველოს იპოვის.
დასანანია, რომ ფიროსმანის გამოფენა ლონდონისა და ნიუ-იორკის წამყვან გალერეებში მისი გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე ვერ შეძლო საქართველომ, რომელიც ამ დღეებში პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ასი წლის იუბილეს ზეიმობს. ამ თარიღს უამრავი პროექტი ეძღვნება, მაგრამ თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ვერცერთი ვერ გაუტოლდება ფიროსმანის გამოფენას პირველხარისხოვან საგალერიო სივრცეებში.
მოგეხსენებათ, მსგავსი ექსპოზიციები სამ-ოთხ თვეს მაინც გრძელდება ხოლმე და საუკეთესო სავიზიტო ბარათია თვით ქვეყნის უკეთ გასაცნობად, როგორც ეს მოხდა მექსიკისა და ბრაზილიის შემთხვევაში ფრიდა კალოსა და ტარსილა დო ამარალის მეშვეობით.
ფიროსმანის დრო მუდამ არის, რომელიც ვერ დაემორჩილება ცერემონიალებისა და იუბილეების განრიგს. იგი თავად არის ზეიმი და რაც მალე გამოიფინება ზემოთ მინიშნებულ გალერეებში, მთელი ქვეყნისთვის იქნება გამამხნევებელი და მრავალი სიკეთის აღმთქმელი. დრო კი, მართლაც, ძალიან საშურია, რადგან ამ გალერეებთან ერთად მუშაობას და ასეთი მასშტაბის გამოფენის დაგეგმვას წლები სჭირდება. ამიტომ, მოზეიმე საქართველომ იქნებ ამაზე ფიქრი ახლავე დაიწყოს?!

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები