სამეცნიერო კონფერენცია – ,,მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა V“ გაიმართება

30, 31 მაისს, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების სამსახურის მიერ ინიცირებული V სამეცნიერო კონფერენცია – „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 1 ივნისს კონფერენციის მონაწილეთათვის მოეწყობა გასვლითი სესია.
კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ტრადიციას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა და სააგენტოს სამუზეუმო მიმართულების აქტუალური პრობლემებისადმია მიძღვნილი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, კონფერენცია ტრადიციულად მიზნობრივი ხასიათისაა და  კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ემსახურება.
2018 წლის სამეცნიერო კონფერენცია ,,მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“ სრულად ეძღვნება ბორჯომის ხეობისა და ბორჯომის უძრავ და მოძრავ კულტურულ მემკვიდრეობას.
ძირითადი თემატიკა მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, შპს ლიკანირეზიდენსის, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივმა პროექტებმა განსაზღვრა. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასშტაბური პროექტის „ბორჯომი – სამუზეუ მოქალაქი“ – თანამიმდევრულ განხორციელებას.
სამუზეუმო მიმართულების სამსახურში შემუშავებული კონცეფციის მიხედვით პროექტი – „ბორჯომი – სამუზეუმო ქალაქი“ – მოიაზრებს ბორჯომში ხუთი მუზეუმისა და ერთი საიტ-ატრაქციის შექმნას. ეს მუზეუმებია – ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კავალერიის კორპუსი – დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ლიკანის სასახლე და პარკი, ჰიდროელექტროსადგური მინერალური წყლის პარკში (ინდუსტრიული მუზეუმი), ასევე, რეაბილიტაციისა და სამუზეუმო ადაპტაციის მოლოდინშია მინერალური წყლის პარკში განთავსებული მინერალური წყლის „ბორჯომი“ საექსპორტო შენობა, რომელიც „ბორჯომის“ წარმოების ისტორიას დაეთმობა.
კონფერენციის შედეგები აისახება სამეცნიერო კრებულში „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა“. მას პრაქტიკული დანიშნულება აქვს როგორც სამუზეუმო სფეროს სპეციალისტთათვის, ისე დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები