ზვიად კვაჭანტირაძე: რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვაფასებ საქართველოს პირველ რესპუბლიკას და მის ლიდერებს!

„რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვაფასებ საქართველოს პირველ რესპუბლიკას და მის ლიდერებს!” – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.
ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ლიდერმა, ნოე ჟორდანიამ და მთავრობამ მაშინ, საქართველოს დატოვებით, საკუთარი თავი კი არ გადაირჩინეს, არამედ საქართველოს სახელმწიფოს მომავალი გადაარჩინეს.
„რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვაფასებ საქართველოს პირველ რესპუბლიკას და მის ლიდერებს! ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ნოე ჟორდანია და ე.წ. “მენშევიკური მთავრობა” საქართველოდან გაიქცაო, თითქოსდა, წითელი არმიის შემოჭრას საქართველოში ხალხი სიხარულით შეხვდა. გამოხდა ხანი, აგვეხილა თვალი და დადასტურდა , რომ ნოე ჟორდანიამ და მთავრობამ, საქართველოს დატოვებით, საკუთარი თავი კი არ გადაირჩინეს, არამედ გადაარჩინეს საქართველოს სახელმწიფოს მომავალი! ჟორდანიამ ხელი არ მოაწერა არანაირ აქტს, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კაპიტულაციად შეფასდებოდა და ამით, როგორც უფრო ადრე დიდი ვაჟა იტყოდა “დაჭეშმარიტებით” აჩვენა მსოფლიოს საქართველოს სახელმწიფოს ძალისმიერი ოკუპაციის ფაქტი. სწორედ ჟორდანიას ამ სწორი გადაწყვეტილების გამო შევძელით, გავმხდარიყავით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე და ამის საფუძველზე აღვადგინეთ სახელმწიფო დამოუკიდებლობა 1991 წელს, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს. ეს ერთი და უმთავრესი ძალიან მოკლედ.
მეორე- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო იმდროინდელი ევროპისთვის თითით საჩვენებელი დემოკრატიის სავანე, საყოველთაო საარჩევნო უფლებით! სწორედ მაშინდელმა საქართველომ მისცა უფლება მუსლიმ ქალს, პირველად ისტორიაში, არჩეული ყოფილიყო პარლამენტის წევრად….. და კიდევ ბევრი, ბევრი სხვა…
გილოცავთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების ასი წლის თავს!“ – წერს სოციალურ ქსელში ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები