„მგონია, რომ გამოგონილი ჯებირები აუცილებლად გაიხსნება“… – როგორ ხატავს მეუფე ისაია ბავშვებს

საზღვრისპირა სოფელ ნიქოზში ჩასულებს, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია (ჭანტურია) დაგვხვდა. სამაჩაბლოს სისხლდენილ მიწას ისევ ახსოვს  ომის ნაკვალევი და  საბედისწერო საზღვარიც სწორედ ნიქოზის უძველეს სამოსახლოსთან გავლებულა… აქ, იმედის კუნძულივით აღმართულ მეუფის რეზიდენციას სპექტაკლისთვის უნდა ემასპინძლა, რომელსაც „მოყვასისთვის შეწირულები“ ჰქვია და რომელიც იმ დიდი ქართველებზეა, ვინც მოყვასისა და ადამიანობისთვის გაწირა თავი… ქალბატონ იზა ვეფხვაძის მონოსპექტკალის დაწყებამდე, მეუფე ისაიამ დალოცა ის დღე და წუთები…

 – სტუმრებს შორის, ჩვენი კუთხის, ხეობების ხალხსაც გხედავთ, ადამიანებს რომლებსაც საკუთარი სახლების იძულებით დატოვება მოგიხდათ. მონატრებულები ვართ დროს, როდესაც აქ თქვენი სახლებიდან მოდიოდით; თქვენი აქ ჩამოსვლა, ალბათ თავისებურად საკუთარ სახლებთან მიახლოებაც არის…
2008 წლის აგისტოს შემდეგ, ჩვენი ეპარქიის ხალხი, ზოგი სად და ზოგი სადაა გაფანტული. მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრის, დღეს აქ სპექტაკლს დავესწრებით და იმედია დღევანდელი შეხვედრა სულიერ ძალასა და მხნეობას შეგვმატებს. რა კარგია, რომ არსებობს და გვაქვს ეს  დარბაზი, რომელიც სწორედ შეხვედრებისთვის არის განკუთვნილი და უკვე მრავალი საინტერესო შეხვედრის მოწმეა აქაურობა. დიდი ხანი არაა გასული მას შემდეგ, რაც ამ სასახლეში მეშვიდეჯერ ჩატარდა „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი”.
ამ, მე-10 საუკუნის ეპისკოპოსის სასახლის კედლებს ბევრი რამ ახსოვს… ჩვენ 1995 წლიდან ვიმყოფებით ნიქოზში.  როცა ჩამოვედით, ამ შენობას სახურავი და აღმოსავლეთი ნაწილი საერთოდ არ ჰქონდა. გარედან თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ განსხვავებას, ძველად კირით იყო ნაშენი, ხოლო აღდგენის შემდეგ კედელებს უკვე სხვა ფერები აქვს…
ყველას გვახსოვს, ოთხმოცდაათიანი წლები როგორი სირთულეებით გამოვიარეთ…  ინფლაცია, ომები… უშუქობა… რამდენი სიდუხჭირე და რამდენი „სიხარული“ გვქონია შუქის მოსვლისა გამო?..
1995 წელს აღდგა ნიქოზის უძველესი ეპარქია, ჩვენმა პატრიარქმა და ეკლესიამ გვაკურთხა ნიქოზის ეპარქიაში მსახურებისათვის… საკათედრო ტაძარს ლორფინის სახურავი  ჰქონდა, მაგრამ წყალი ჩადიოდა; ეპისკოპოსის სასახლე დანგრეული იყო, არ გვქონდა საცხოვრებლად სახლი და ერთმა ნიქოზელების ოჯახმა შეგვიფარა… მაშინ არც მატერიალური საშუალება გვქონდა და არც გამოცდილება, რომ ჩვენ თვითონ აღგვედგინა დანგრეული და აგვეშენებინა ასაშენებელი. წყლის დინებისაგან რომ დაგვეცვა ეკლესია, სახურავის ფორები ამოვავსეთ, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა.   ძეგლთა დაცვის სამმართველოსაც უჭირდა მაშინ, იმათაც არაფერი ჰქონდათ და ხუმრობით ვამბობდით, ძეგლთა დაცვას „რითი დავეხმაროთო!“..
შემდეგ ვთქვით, დაბადებით არავის არაფერი სცოდნია, – მოდი ვნახოთ, როგორ აშენებენ კალატოზები და შემდეგ იქნებ ჩვენც რაღაცა გამოგვივიდესო. ერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ამჟამად ახალგორის რაიონში მონაზონია,  მაშინ მცხეთაში ანტიოქიის ტაძრის რესტავრაციის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, – ასეთი საქმიანობა იშვიათობა იყო, იმ ხანად უფრო ინგრეოდა ნაგებობები.  მან იცოდა ჩვენი განზრახვა და როდესაც ანტიოქიის ტაძარზე მომუშავე კალატოზებს თავისუფალი დღეები გამოუჩნდათ, ორი დღით, ორი კალატოზი გამოაგზავნა ნიქოზში დასახმარებლად. მცხეთიდან ჩამოსულ კალატოზებს გალავნის მშენებლობაში ვეხმარებოდით, ვაკვირდებოდით, თუ როგორ აშენებდნენ, მაგრამ როდესაც წავიდნენ და მარტო დავრჩით, შევწუხდი, მივხვდი, რომ კალატოზობის ორ დღეში სწავლა შეუძლებელი იყო და დამოუკიდებლად მშენებლობას ვერ გავაგრძელებდით. იმხანად სოფლელებს კარგად არ ვიცნობდით და აღმოჩნდა, რომ ზემო ნიქოზში ორი კალატოზი ყოფილა და ერთიც ქვემოში, მათ როცა გაეგოთ მცხეთიდან ჩამოუყვანიათ კალატოზებიო, თურმე იწყინეს, განა ჩვენ აქ არ ვიყავითო?..

იზა ვეფხვაძის სპექტაკლი ნიქოზში
ჯემალ კასრაძის ფოტო

გამოვიდა სამი კალატოზი მშენებლობისთვის, და ნიქოზელ სამ კალატოზს ყოველდღე 60-80 დამხმარე ჰყავდა. პირველ დღეს – როცა საკათედრო ტაძრის დარღვეული გალავნის აღდგენა დავიწყეთ, თბილისში მომიწია წასვლამ და როცა  ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, ჩემს არყოფნაში, აბა, ვინ რას გააკეთებდა- მეთქი და როცა ნიქოზში დავბრუნდი, იმდენი საქმე გაეკეთებინათ, თვალებს არ ვუჯერებდი; მოკლედ, გალავანი მათი დახმარებით ორ კვირაში აღვადგინეთ და ნიქოზელებს სწორედ მაშინ გავეცანით და დავუახლოვდით.
მერე ჩვენც ვისწავლეთ კალატოზობა. პირველად, როდესაც დამოუკიდებლად გავბედეთ მშენებლობა, აღმოჩნდა, რომ გამოუცდელობით ბევრი ტალახი მოგვიზელია, გახარჯვა დღისით ვერ მოვასწარით და კარგია, რომ სავსე მთვარიანი ღამე დაგვემთხვა და ღამის 12 საათისათვის ტალახი კედელს შევახარჯეთ!.. დილით მოვინახულეთ ნამოქმედარი და მართალი გითხრათ,  მთვარის შუქზე ჩვენი აშენებული კედელი ძალიანაც ლამაზი იყო და ყველაზე მეტად სწორედ ეს ფრაგმენტი მომწონდა ხელმე…
დიდი და პატარა ლიახვის ხეობელების მონაწილეობის გარეშე არაფერი გვიკეთებია, როცა  აქეთ ცხოვრობდნენ, ერთად ვშრომობდით, საქმე არ არის ისეთი,  რომ მათი ხელი არ იყოს შენავლები…
ომი საშინელებაა, მაგრამ არა მხოლოდ საშინელება, მას კარგი მხარეც გააჩნია –  ადამიანები, რომლებიც ვიცნობდით ერთმანეთს და ვისთან ერთადაც ომი და განსაცდელი გამოვიარეთ, ომმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა, ერთმანეთის სხვანაირი ახლობლები გავხდით და  ერთმანეთისადმი უფრო მეტი სიყვარული გაგვიჩნდა.
ეპიკოპოსის სასახლე, სადაც მეუფის რეზიდენციაა ახლა და სადაც ამჟამად ვიმყოფებით, ომამდე აღვადგინეთ. 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით ერთი ბომბი  სახურავს დაეცა, ერთი საცხოვრებელთან, ბაღში ჩამოვარდა, ერთი ოთახს მოხვდა, კარგია, რომ ოთახში არავინ იყო.
9 აგვისტოს 2 ბომბი დაეცა ჩვენს საცხოვრებელს; 10 აგვისტოს ზემო ნიქოზში ქართული ჯარი უკვე აღარ იმყოფებოდა, მონასტრის სატრაპეზოში მყოფებს 11 აგვისტოს თვითმფრინავიდან თავზე 32 ბომბი დაგვაყარეს. ოთახში შვიდი ადამიანი ვიყავით და სასწაულად გადავრჩით. მანქანის ავზს ცეცხლი მოედო, მანქანიდან სახლზე ცეცხლი სწრაფად გადავიდა, ნიავი უბერავდა და სიმხურვალე ეპისკოპოსის სასახლის სახურავს მისწვდა… რასაც 14 წელი ვეწვალეთ, ჩვენ თვალწინ რამდენიმე საათში განადგურდა.
ომამდე აღდგენილ ეპისკოპოსის სასახლეში არქეოლოგია არასოდეს ჩატარებულა. სასახლეს, სამხრეთით, ქვედა სართულზე, ორი პატარა სარკმელი ჰქონდა, რომელიც მიწით იყო ამოვსებული, მაგრამ აქ რომ სარდაფი არსებობდა, ამაში ვერასოდეს დავრწმუნდებოდით, სასახლე თვითმფრინავიდან რომ არ დაებომბათ და ხელმეორედ შესაკეთებელი არ გამხდარიყო. ომის შემდეგ სასახლის შეკეთება არქეოლოგიით დავიწყეთ. სარდაფი რომ გვაქვს, ნამდვილად შეიძლება ომსა და თვითმფრინავის იმ პილოტს ვუმადლოდეთ, რომელმაც თავზე ბომბები გადმოგვაყარა!..
21-ე საუკუნეში  ადამიანები  ბარიერებს ქმნიდნენ, კედლებსა და მავთულხლართებს აგებდნენ, იმისათვის, რომ ერთმანეთთან აღარ მივიდნენ. ძალიან უცნაურია, იმის ნაცვლად, რომ დაახლოვდნენ, ერთმანეთს გული გაუხსნან, რომ სხვებსაც მისცენ მათთან მისვლის საშუალება!.. ნათქვამია – „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერიაო”. უნდა ვეძებდეთ მოყვარეს, უნდა ვპოულობდეთ ერთმანეთს… და ჩვენ ვეძებთ და ვპოულობთ კიდეც!..  მე მგონია, რომ  გამოგონილი ჯებირები მუდმივად ვერ იარსებებს, აუცილებლად გაიხსნება და  ადამიანები შევძლებთ ერთმანეთთან მისვლას, ერთმანეთის სიხარულისა თუ მწუხარების გაზიარებას.
ძალიან მოხარული ვართ, რომ დევნილებაში მყოფებს დარბაზში გხედავთ!  ვიმედოვნებთ, რომ ეს საღამო სულიერად გაგვამხნევებთ და გაგვაძლიერებთ!..

ჩვენი დიალოგი სპექტაკლის შემდეგაც გაგრძელდა. მეუფე ისაიას ვთხოვეთ, საკუთარი ცხოვრებაზე მოეთხრო…

 – დავიბადე წალენჯიხაში, მამას მირდატი ერქვა, დედას – გუგუშა, რომელიც მოგვიანებით მოინათლა და სახელად ნინო დაერქვა.
საბჭოთა კავშირის დროს ვინმეზე რომ იტყოდნენ, პატიოსანი კომუნისტიაო, საწყალ  კაცს ნიშნავდა, რადგანაც ნაპარავს სახლში არ მიიტანდა, იმ დროს კი ადამიანი სხვანაირად ვერ გამდიდრდებოდა; მაშინ კომუნისტობა თავისთავად არ ნიშნავდა პატიოსნებას… ასეთი თითით საჩვენებელი „პატიოსანი კომუნისტი“ რაიონში რამდენიმე იყო და მათ შორის მამაჩემზეც იტყოდნენ ხოლმე – პატიოსანი კომუნისტიაო… დღეს ჩემთვის მამის იმდროინდელი „სისაწყლე“ და პატიოსნება ძალიან ძვირფასია!..
მამას ჭადრაკის თამაში უყვარდა, კარგად თამაშობდა, გამოწერილი ჰქონდა საჭადრაკო ჟურნალ-გაზეთები. მე და ჩემი სკოლის ამხანაგებს ჭადრაკის თამაში გვასწავლა, ეტიუდებს გვარჩევინებდა და სახლში იმართებოდა შეჯიბრებები, პირველ ადგილზე 50 – კაპიკიანი პრიზი იყო დაწესებული, რომლის მფლობელიც მამა ხდებოდა ხოლმე, მხოლოდ ერთხელ მოვუგე ფინალი და ბავშვებმა ძალიან გავიხარეთ, პრიზი რომ დავისაკუთრეთ…
დედა სკოლის დაწყებითი კლასების და ასევე – ჩემი მასწავლებელიც იყო. დედამ იცოდა კერვა, ქარგვა, 5 და-ძმანი გაგვზარდა, მისი ნახელავი გვეცვა და გვემოსა; სახლში გვქონდა ხელით ნაქარგი და შეკერილი  ულამაზესი  მაგიდისა და სკამების გადასაფარებლები; სახლის კედლები – ჩიტებიანი და ყვავილებიანი ნაქარგობებით იყო მორთული.
ბავშვებთან მუშაობა  უდიდეს სიხარულს ანიჭებდა, მათ ლამაზ წერას ასწავლიდა – ჯერ ფანქრით ლამაზად გამოუხაზავდა ასოებს,  მოსწავლეებს კი კალამი ზედ უნდა შემოეტარებინათ და, როგორც წესი, ყველამ კარგი წერა იცოდა; ასწავლიდა ლექსებს, მხატვრულ კითხვას, ხატვას. დედას სკოლაში ბაღის ასაკიდან დავყავდი. ხატვა მიყვარდა და მეც სკოლის გაკვეთილებზე ვიჯექი და ვხატავდი…

– წალენჯიხის სკოლა-ინტერნეტში სწავლობდით…

ოთარი, გიორგი – მეუფე ისაიას ნახატი

– დიახ, თავიდან წალენჯიხის სკოლა-ინტერნეტში ვსწავლობდი, სადაც დედა იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი, შემდეგ  პირველ საშუალო სკოლაში განვაგრძე სწავლა და თან პიონერთა სასახლეში ხატვის წრეზე მივედი.
იმ წელიწადს მოხდა ისე, რომ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე აწყობდა ღონისძიებას, ჯერ რეგიონებში არჩევდნენ 10 – 10 ბავშვს, შემდეგი ტურისათვის კი ბავშვებს თბილისის პიონერთა სასახლეში იწვევდნენ. სამეგრელოში შერჩეულ ათ ბავშვს შორის  მეც აღმოვჩნდი, თბილისში კი მესამე ხარისხის ლურჯი დიპლომით დამაჯილდოვეს. ეს მაშინ გარკვეულ წარმატებად ჩაითვალა და იქნებ ჩემი ხატვის სიყვარულსაც სხვანაირი ფრთები შეასხა, თანაც ჩემმა უფროსმა დამაც, რომელიც იმხანად სტუდენტი იყო, ლენინგრადიდან ერმიტაჟის ძალიან კარგი ნახატებიანი დიდი ალბომი  და სამხატვრო ეტიუდნიკი ჩამომიტანა.  დილით რომ გავიღვიძე, საჩუქრები უკვე მელოდებოდა, ხის ყუთი, რომელიც იდო, არ ვიცოდი რა იყო და ეს სახატავი მოწყობილობა, ეტიუდნიკი აღმოჩნდა, რომელშიც ზეთის საღებავები და ფუნჯები იყო ჩალაგებული. ეს ჩემთვის იყო დიდი სიხარული. მახსოვს, პირველი ნახატები ზეთის საღებავებით ფანერაზე როგორ დავხატე – ის ნახატები უფრო ამოსუნთქვასა ჰგავდნენ, თითქოს უფრო დაიბადნენ, ვიდრე დავხატე, არაფერი ისეთი განსაკუთებული, მაგრამ ჩემი სახლისა და ეზოს მცენარეები და ხეები იყო…
მე-9 კლასიდან თოიძის სამხატვრი ტექნიკუმში ჩავირიცხე. იქ სამი წელი ვსწავლობდი. შემდეგ მინდოდა სამხატვრო აკადემიაში გამეგრძელებინა სწავლა, გამოცდებისთვის ხატვაში მოსამზადებლად მასწავლებელიც მომიძებნეს, რაშიც ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, ერთი წელი სახელოსნოში გრაფიკასა და ფერწერაში ვმუშაობდი – სწავლის საფასურს, შეღავათიან ფასს ვიხდიდი. პირველ წელს გამოცდები გამოვტოვე, რადგანაც ტექნიკუმიდან ან წითელი დიპლომი უნდა მქონოდა, ან ორი წლის მუშაობის სტაჟი. მეორე წელს ხატვის მასწავლებელთან ვერ ვივლიდი, რადგანაც თანხას ვეღარ გადავიხდიდი, უბრალოდ, ხატვის მასწავლებელთან – თემურ მაჭავარიანთან – ზაფხულის ნამუშევრები მივიტანე; არც მითქვამს, რომ უსახსრობის გამო მასთან ვეღარ ვივლიდი, თვითონვე მიხვდა. მეჩხუბასავით, მითხრა, აუცილებლად უნდა იარო ხატვებზეო, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, არ მინდა შენი არც თანხა და არც არაფერიო!..

ლუკა, მათე – მეუფე ისაიას ნახატი

იმ წელს, ჯერ სამხატვრო აკადემიაში ვაბარებდი გრაფიკაზე, შემდეგ პუშკინის ინსტიტუტში ხატვა-ხაზვაზე… გამოცდებიდან ჩემთვის ასეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ მე იქ პროტექციისა, ან ფულით „საქმის ჩაწყობის“ გარეშე ვერ მოვხვდებოდი. შვიდი წლის განმავლობაში სახლში ვამბობდი წელს ვემზადები და გავალ გამოცდებზე-მეთქი, სახელოსნოებში ვმუშაობდი ჩემს მეგობარ-მასწავლებელთან ერთად და გამოცდებზე კი აღარ გავდიოდი. შემდეგ მულტიპლიკაციის სტუდიაში მიმიყვანეს სამუშაოდ, სადაც შინაურულ გარემოში აღმოვჩნდი, სადაც მულტფილმ „ბაბილინაზე“ მიმდინარეობდა მუშაობა. „ბაბილინა” იყო პირველი მულტფილმი, რომლის გრაფიკულად დამუშავებაში ვეხმარებოდი. მაშინ ანიმაციური ფილმების სტუდიის მხატვრული ხელმძღვანელი იყო ბატონი გელა კანდელაკი და იგი თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისთვის ანიმატორების ახალ ჯგუფს აყალიბებდა. აქაც ძალიან გამიმართლა, ბატონ გელა კანდელაკს რომ შევხვდი, თორემ მე სტუდენტი ალბათ არასოდეს გავხდებოდი და ანიმაციის ხელოვნებასაც ალბათ ვერ ჩავუღრმავდებოდი…
ჩემი თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა რთულ დროს დაემთხვა, „პერესტროიკა“, ეროვნული მოძრაობა, რომელიც თავიდან ძალიან სასიამოვნო იყო, რაც შემდეგ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა, ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში… იყო ნგრევა და გაპარტახება, ერთმანეთის გასაკილად სალანძღავად თავს არ ზოგავდნენ, თითქოს ამითი ამოწმებდნენ სამშობლოსა და ქვეყნის სიყვარულს. მაშინ მე ჩემთვის გადავწყვიტე, რომ სამშობლოსა და ქვეყნის  სიყვარული არის შრომა და საკუთარი საქმის შეძლებისდაგვარად კარგად კეთება. სწავლა ოთხ წელიწადში უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ სადიპლომო ნამუშევარი, – ათწუთიანი ანიმაციური ფილმი – მხოლოდ მეშვიდე წელს, 1993 წელს დავიცავით, რადგანაც იყო უტრანსპორტობა, უშუქობა და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ძალიან გვიშლიდა ხელს მუშაობაში. ენერგია, რაც ამ ათწუთიანი ფილმის გაკეთებაზე დაიხარჯა, ალბათ ჩვეულებრივ დროს სამ ფილმს მაინც ეყოფოდა.
მორწმუნე, ინსტიტუტში სწავლის დროს გავხდი და 1986 წელს მოვინათლე. მანამდე წალენჯიხის ეკლესიის ამოქმედებაში მომიწია მიმეღო მონაწილეობა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას სასულიერო აკადემიაში ვფიქრობდი, მაგრამ 1993 წელს, უკვე შემზადებული ვიყავი მონასტერში წასასვლელად და  და ჩემი სამონასტრო ცხოვრება აფხაზეთიდან დავიწყე მეუფე დანიელის (დათუაშვილი) ხელმძღვანელობით. აფხაზეთში ბოლო მშვიდობის დროს ჩავედით, შემდეგ იქ ომი განახლდა.

მართა – მეუფე ისაიას ნახატი

27 სექტემბერს სოხუმის აღების დღეს გამოვედით სოხუმიდან და დევნილებთან ერთად საკენი-ჭუბერის უღელტეხილზე გადმოვედით, ერთი ღამე – საშინელ სიცივეში – ტყეში გავათენეთ და დღისით ჩავედით ჭუბერში. მეორე ღამეს უღელტეხილზე მოთოვა და ხალხი გზადაგზა იყინებოდა… ჭუბერში – როგორც შეგვეძლო – წითელ ჯვართან ერთად, დევნილებს ვეშველებოდით. რვა დღის შემდეგ, როცა ვითარება განიმუხტა, თბილისში ჩამოვედით და მისმა უწმინდესობამ აფხაზეთის ეპარქიის ეპიკოპოსს დროებით რეზიდენციად და სასულიერო პირებს სამოღვაწეოდ მარტყოფის მამათა მონასტერი  განგვიწესა. აქ ყოფნის დროს მოხდა ჩემი ბერად აღკვეცაც, დიაკვნად ხელდასხმაც და მღვდლობაც, ერთი წელი მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარის მოვალეობასაც ვასრულებდი, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით.
–  1995 წელს უკვე მოხდა  თქვენი ეპისკოპოსად ხელდასხმა. სწორედ 1995 წლიდან, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში ხართ. საზღვარი აქედან 1 კილომეტრშია გავლებული…
– ეს ადგილი განსაკუთრებულია – ზემო ნიქოზის ამაღლების სახელობის ტაძარში  დაკრძალულია საქართველოს პირველი მოწამე, ეროვნებით სპარსი, წმინდა პირველმოწამე რაჟდენი (მე-5 საუკუნე).
– ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრის – ხელოვნების სკოლის არსებობა… საოკუპაციო ხაზთან, ხელოვნურ ბარიერთან  ხელოვნება იმედის სხივივით არის… 500 მეტრშია ცხინვალი, სანატრელი ქალაქი…
– წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. ომამდე გვქონდა ბავშვებთან  შეხვედრები. არსებობდა ანიმაციური ფილმებისათვის პატარა სტუდია, რომელიც ომის დროს განადგურდა. ომის შემდეგ გამოგვიჩნდნენ პოლონელი მეგობრები, რომლებთან ერთადაც 2009 წელს ანიმაციის სტუდიის აღდგენის პროექტი განვახორციელეთ, 2010 წელს კი – ხელოვნების სკოლის განვითარების პროექტი. აპარატურა თუ სასწავლო აუცილებელი მოწყობილობა მათი დახმარებით შევიძინეთ. არ გვქონდა სკოლისათვის ნაგებობა და მეცადინეობებს – ომს გადარჩენილ – პატარა ზომის სამრევლო სახლში ვატარებდით. გორის გუბერნიის დახმარებით სკოლისათვის  ბაღის მიტოვებული და დაზიანებული შენობა გადმოგვეცა. ევროპული ორგანიზაცია KOBERM-ის დახმარებით – ნაწილობრივ – შეკეთდა სკოლის შენობა.  იაპონიის საელჩოსა და სახელმწიფოს დახმარებით შეკეთება დავასრულეთ; საზოგადოება „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ დახმარებით კი სკოლაში გათბობა გავაკეთეთ.
ნიქოზის ხელოვნების სკოლაში 100-ზე მეტი ბავშვია, რომლებიც ნიქოზისა და მისი მიმდებარე სოფლებიდან მოდიან, საშუალო სკოლაში გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ჩართულები არიან სხვადასხვა წრის მუშაობაში. გვაქვს – ხატვის, ქარგვის, ჩრდილების თეატრის, ანიამციის, ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, ცეკვის, ინგლისურისა და რუსულის წრეები.
სკოლის ბიბლიოთეკაში საკმაოდ კარგი წიგნები მოგვიგროვდა და ვცდილობთ გვქონდეს ლიტერატურული, თუ სხვა შეხვედრები. გაკეთდა მეკლდეურობისათვის სავარჯიშო კედელი, ბავშვებმა სპორტულ შეჯიბრებებშიც მიიღეს მონაწილეობა და ჰქონდათ გარკვეული წარმატებები. სასწავლო წლის ბოლოს ბავშვები წარმოადგენენ ხოლმე, თუ რა გააკეთეს მთელი წლის განმავლობაში.
ნიქოზის ხელოვნების სკოლიდან სამი ბავშვი თბილისის მუსიკალურ სემინარიაში წარიგზავნა. ერთი მათგანი სრული დაფინანსებით ჩაირიცხა თბილისის მუსიკალურ კონსერვატორიაში და ოპერის თეატრში ჰობოის საკრავზე მუსიკოსადაა მიწვეული..
– ერთხანს გადასული იყავით ახალგორში…
– გადასვლა არ ეთქმის, ეს ჩვენი ეპარქიაა, მე იკოთში ვარ ჩაწერილი, ასე ვთქვათ იკოთელი ვარ და აქ ჩვენ გვაქვს მამათა, დედათა მონასტერები; ღვთისა და ეკლესიის მიერ დამევალა ამ მხარეში მსახურება და მეც, როგორც შემიძლია, ვემსახურები. აგვისტოს ომის შემდეგ ვითარება შეიცვალა, ახალგორის რაიონში უნებართვოდ ვეღარ შევა ადამიანი, თავიდან საკმარისი იყო ნოტარიუსით დამოწმებული პირადობის მოწმობა, შემდეგ მე-9 ფორმა შემოიღეს, ამჟამად  კი „სპრავკა“ არის საჭირო, ურომლისოდაც თავიანთ სახლებშიც კი ვერ მიდიან ადამიანები… „სპრავკის” შემოღების დროისათვის, როდესაც ჩემს ძველ საბუთს ვადა ეწურებოდა, რაიონში დავრჩი და ახალი საბუთის მიღებას  ორ წელიწადსა და შვიდ თვეს ველოდებოდი, შემდეგ საბუთი რამდენიმეჯერ მოკლე, ხოლო ბოლოჯერ, რვათვიანი ვადით გამიგრძელეს, რომელიც ივნისის ბოლომდე არის ძალაში.
– თქვენი დამოკიდებულება კონფლიქტისადმი?
– ვფიქრობ, დაუძლეველი, გადაულახავი სირთულეები არ არსებობს. ამის მაგალითი უახლოეს წარსულშიც გვაქვს. გერმანიაში რაც მოხდა, ამაზე საშინელება რა უნდა მომხდარიყო? ვინმე იფიქრებდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას ვინმე დაელაპარაკებოდა? მაგრამ არცთუ ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ და მიწასთან გასწორებული გერმანია ფეხზე დადგა და იგი დღეს ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ამჟამად ყველასთვის სასურველია და სასარგებლო მასთან ურთიერთობა და მეგობრობა.

ნიკოლოზი – მეუფე ისაიას ნახატი

თუკი გერმანიაში შეიძლებოდა ასეთი სასიკეთო ცვლილებები ასეთ მოკლე დროში მომხდარიყო და ყველასთვის ასეთი სასურველი ქვეყანა გამხდარიყო, ე. ი. სხვაგანაც არის ეს შესაძლებელი. მაგრამ ერთი კია, მათ თავიანთი დიდი შრომისა და მოთმინების ფასად მოიპოვეს ასეთი მდგომარეობა და უდარდელობით არ მიეცათ იგი და ვერც სხვა მიიღებს თავისთავად, შრომის, სწავლისა და მოთმინების გარეშე.
ასე ახლოს მცხოვრებ ხალხს, – ოსებსა და ქართველებს –  ურთიერთობა არა ჰქონდეთ ერთმანეთთან, შეუძლებელია, ეს აბსურდული ვითარება დაუსრულებლად ნამდვილად ვერ გაგრძელდება, მით უმეტეს, ამდენი ნათესაური კავშირი და შერეული ოჯახია ქართველებსა და ოსებს შორის… დაუსრულებელი მტრობაც შეუძლებელია და, ვფიქრობ, რომ ეს აბსურდული ვითარება ადრე თუ გვიან დასრულდება.
ოსები ახლაც მრავლად ცხოვრობენ აქეთ მხარეზე, ცხინვალშიც არიან დარჩენილი ქართველები.  მეც მყავს  ოსი გვარის ნათლულები და იმის ხაზგასმა, თუ ვინ ოსია და ვინ ქართველი, სრულებით უადგილო მეჩვენება, ადამიანი უფრო თავისი ღირსებით უნდა ფასდებოდეს და არა თავისი წარმომავლობით. ჩვენი საერთო ქრისტიანული სარწმუნოებაც ასეთია, რომელიც არღვევს ჯებირებსა და ბარიერებს, ადამიანურ ურთიერთობებს აგებს არა ეთნიკური და რასობრივი ნიშნით, არამედ ადამიანური ღირსებითა და ფასეულობებით.

P. S.ინტერვიუ მზად მქონდა, როცა ნიქოზის მცხოვრებმა, პოეტმა თამარ მეტრეველმა უმცროსი ვაჟის – ნიკოლოზის სურათი გამომიგზავნა და მომწერა, რომ მეუფე ისაიას დახატული იყო. 
„მეუფე ისაია უზომოდ კეთილი და თავმდაბალია, საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, ხშირად ხუმრობს, ბავშვივით ალალია, ბავშვებთან შეუძლია ითამაშოს,ხატოს, ძერწოს, იმღეროს და იგალობოს,
იმ დღით, როცა ნიკოლოზს ხატვის გაკვეთილი ჰქონდა, დაწყებამდე იგი სკოლის ეზოში დარბოდა და თმა აეჩეჩა, გაკვეთილზეც ასეთი შევიდა და მეუფე რომ დაინახა, უნებურად, თმის გასწორება დაიწყო (მათ ხატვას ვანო მასწავლებელი ასწავლის, რომელმაც გულის ოპერაცია გაიკეთა და შორ მანძილზე ვეღარ მგზავრობს). მეუფეს უთქვამს ნიკასთვის, გაანებე თმებს თავი და სკამზე მშვიდად დაჯექიო. შემდეგ კი დახატა…
მეუფემ ასევე დახატა კოტე თედეევისა და პელო გვარაძის ექვსი შვილი (ამ ნახატებს ზემოთ გთავაზობთ), ისინი ძალიან ცელქები, მაგრამ კეთილები და ნიჭიერები არიან, ხატავენ, მღერიან, ცეკვავენ, უკრავენ… მათი უფროსი ძმა ოთარი, თბილისში ორკესტრში უკრავს. პატარა მართა კი  პატრიარქის და მეუფის ნათლულია. ჩემი ნიკოლოზიც პატრიარქის ნათლულია“… 
თამარმა ჩვენი თხოვნით ეს ნახატები გადმოგვიგზავნა და პირველად ქვეყნდება. 

 

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები