მიხეილ იაშვილის საგამოფენო კატალოგი და DVD დისკი გამოიცემა
წელს ცნობილ მხატვარს მიხეილ იაშვილს 60 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მხატვარ მიხეილ იაშვილის ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა მოეწყობა. მხატვრის უბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. სპეციალურად საიუბილეო თარიღისთვის დაგეგმილია საგამოფენო კატალოგისა და DVD დისკის გამოცემაც.
ფერმწერი და მხატვარი მიხეილ იაშვილი 20-ე საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანია, რომლის სახელსაც არა ერთი ჯილდო და პრემია უკავშირდება. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც საქართველოს ხელოვნების მუზეუმსა და სხვადასხვა გალერეაში, ასევე მრავალ კერძო კოლექციაშიც. წლების განმავლობაში ის სამხატვრო აკადემიის პროფესორიც გახლდათ. პროექტი ინიცირებულია ააიპ „ბავშვი და გარემოს“ დირექტორის, ნინო იაშვილის მიერ და ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახვითი ხელოვნების განვითარების პროგრამის ფარგლებში.