დანგრეული სისხლის სამართლის საქმე – სახელმწიფო ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები ორ არასრულწლოვანს

სულ მალე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე განაჩენს გამოიტანს. მეხუთე თვეა, სასამართლო მძიმე საქმის დეტალებზე მსჯელობს. დაიკითხნენ მოწმეები, განხილული იქნა მტკიცებულებები, მათ შორის, – ხუთთვიანი მოლოდინის შემდეგ, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა. საქმე იმდენად მოცულობითი და მრავალფიგურანტიანია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება სრულყოფილად მედიამაც ვერ შეძლო. მით უმეტეს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ბრალდებულთა ადვოკატებს კი მედიასთან კომუნიკაცია პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილით შეუზღუდა.
მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, ,,ვერსიამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა მკითხველისთვის ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე ამომწურავი ინფორმააცია მიეწოდებინა, მათ შორის, ექსკლუზიური მასალებიც.
რა აჩვენა საქმის სასამართლო განხილვამ და რის საფუძველზე მოუწევს მოსამართლე ეკა არეშიძეს განაჩენის გამოტანა 1-ელ დეკემბერს მომხდარ ტრაგედიაზე?
ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს, მაშინ, როცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული გამოძიების ორმოცდღიანი ვადა იწურებოდა, ერთ–ერთი ბრალდებულის დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, გადადებულიყო საქმის სასამართლო განხილვის დაწყება. გ.ჯ.– ს დაცვის მხარე აცხადებდა, რომ საქმე პროკურატურის მიერ არასრულყოფილად იყო გამოძიებული და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვერსია მცდარი იყო. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლო საქმის განხილვას 9 იანვარს შეუდგა.
ხუთი თვის განმავლობაში, საქმის გარშემო არაერთი სკანდალური ინფორმაცია გაჟღერდა, თუმცა ყველაზე ხმაურიანი დაზარალებულ ზაზა სარალიძის პოზიცია აღმოჩნდა. მამა, რომელსაც 16 წლის შვილი მოუკლეს, აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელები თავისუფლებაზე არიან. თავდაპირველად ზაზა სარალიძე ამბობდა, რომ გამოძიებას ენდობა და სასამართლო განხილვა ყველაფერს დაადგენს. თუმცა, მოგვიანებით, სასამართლო განხილვებისას სარალიძემ პოზიცია შეცვალა და სახელმწიფო ბრალდება ნამდვილ დამნაშავეთა მფარველობაში დაადანაშაულა. იგი აცხადებს, რომ სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებმა და პროკურატურის ქმედებებმა მას სამართლიანი განაჩენის იმედი დაუკარგეს.
,,ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდებოდით ამ უდიდეს ტრაგედიას. უფრო სწორად სადისტურად მოკლული შვილების მკვლელობის გამოძიებას. მააგრამ იმედი იმედად დარჩა და საკუთარი თვალებით ვხედავ, როგორ დადიან ჩემი შვილის მკვლელები თბილისის ქუჩებში, თითქოს არაფერი დაუშავებიათ. მრცხვენია უკვე მკვლელების გამზრდელი და მათი ხელის დამფარებელი საქართველოს მოქალაქე რომ ვარ“ – წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ზაზა სარალიძე.
ყველაზე დიდი მოლოდინი მხარეებს პროკურატურის მიერ დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით ქონდათ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყოველგვარ გონივრულ ვადაზე გაცილებით მეტი დრო დაჭირდა დასკვნის დასაწერად. საბოლოოდ, წარმოდგენილი დასკვნა მთავარ კითხვაზე ვერ სცემს პასუხს – ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა? პროკურატურის მტკიცება, თითქოს სარალიძე ბრალდებულ გ.ჯ.– ს მიერ მიყენებული ჭრილობით დაიღუპა, თვით სახელმწიფო ექსპერტიზამ კატეგორიულად გამორიცხა. ჭრილობა N11, რომელსაც სამედიცინო ექსპერტი სასიკვდილო ჭრილობად მიიჩნევს, გ.ჯ.–ს დანით არ არის მიყენებული. პრაქტიკულად სახელმწიფომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით აღიარა, რომ გ.ჯ. მკვლელი არ არის! ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნამ მეორე ბრალდებულ გ.ბ.–სთან მიმართებაშიც.
რეალურად, სახელმწიფო ბრალდების ვერსიის აბსურდულობა დოკუმენტალურად დაადასტურა სახელმწიფო ექსპერტიზის კომპლექსურმა დასკვნამ. სამხარაულმა დაანგრია ბრალდების მიერ წარმოდგენილი ვერსია იმის შესახებ, რომ ორი გარდაცვლილი მოზარდი პასუხისგებაში მიცემულმა ბრალდებულებმა მოკლეს.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თვით სამხარაულის ექსპერტიზამაც კი არ გამორიცხა საქმეში მესამე ან მეტი დანის მონაწილეობა.
განსაკუთრებული მოლოდინი იმ უცხოელ ექსპერტებს უკავშირდება, რომლებიც ალტერნატიულ კომპლექსურ ექსპერტიზას ერთ–ერთი ბრალდებულის დაცვის მხარის მოთხოვნით ატარებენ. ორი ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი ჯეისონ პეინი–ჯეიმსი და სიუ კარნი თბილისში იმყოფება და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში ნივთმკიცებებს სწავლობს.
აპრილის ბოლოს თბილისში პირველი ჩამოსვლისას ბრიტანელმა ექსპერტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნივთმტკიცებების შენახვის წესი სათანადოდ იქნებოდა დაცული და მათ პირვანდელ მდგომარეობაში გადაეცემოდათ. რამდენიმე დღეში ისინი საბოლოო დასკვნას დადებენ, რომელიც სავარაუდოდ მეტ სიცხადეს შეიტანს ხორავას ქუჩის საქმის ჯერ კიდევ ბუნდოვან გამოძიებაში.
სავარაუდოა, რომ უცხოელი ექსპერტების დასკვნა კიდევ უფრო ნათლად გამოაჩენს ბრალის დადგენილების აბსურდულობას. თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია რამდენად მოესწრება ალტერნატიული ექსპერტიზის წარდგენა სასამართლოში განაჩენის დადგომამდე. გაწელილმა ხუთთვიანმა სახელმწიფო ექსპერტიზამ დაცვის მხარეს ალტერნატიული ექსპერტიზის დროულად წარდგენის საშუალება მაქსიმალურად შეუზღუდა, რამაც ავტომატურად შეზღუდა არასრულწლოვანის სრულფასოვნად და სამართლიანად დაცვის შესაძლებლობაც.
ვინ მოკლა დავით სარალიძე, რას ამბობს ამაზე სახელმწიფო ბრალდება და ვის ხელში დაინახა ერთ–ერთმა ბრალდებულმა ბასრი საგანი, რომელმაც დუმილი პირველად დაარღვია?

პროკურატურა პოზიციას არ ცვლის და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, დღემდე დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ სარალიძე გ.ჯ.–ს და გ.ბ.–ს მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. თუმცა, სასამართლოზე მოწმეთა და ბრალდებულ გ.ბ.–ს დაკითხვის შედეგად, ნათლად გამოიკვეთა, რომ სარალიძეს სხვა ორმა მოზარდმაც მიაყენეს ჭრილობები. როგორც ბრალდებულმა გ.ბ.–მ დაკითხვისას განაცხადა, ერთ–ერთი მათგანი მიხეილ კალანდია იყო, ხოლო მეორე ის მოზარდი, რომელიც ამ ჩხუბისას თავადაც დაიჭრა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ ორივე მათგანის ხელში ბასრი საგანი დაინახა, რომელსაც სარალიძეს ურტყამდნენ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა გ.ბ.–მ ჩვენება გამოძიებას პირველად მისცა.
ბრალდებულ გ.ბ.–ს დაკითხვის საკმაოდ სკანდალური განცხადებები შესაძლოა ახლადგამოკვეთილ გარემოებად არ ჩათვალოს პროკურატურამ, თუმცა მოსამართლეს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაში უდავოდ დაეხმარება.
ჯერ კიდევ წინ არის მეორე ბრალდებული გ.ჯ.–ს დაკითხვა, რომელიც, ასევე, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. თუმცა, როგორც ,,ვერსიისთვის“ არის ცნობილი, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა ის, რომ მისი მხედველობის არეალი შეზღუდული იყო იმ მომცრო ზომის ფარდულში, სადაც მას არათანაბარი ძალის მქონე მოზარდი დავით სარალიძე სცემდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე პროკურატურაში ძირითადი საქმის პარალელურად სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული – უშუალოდ ფაქტზე, დანაშაულის დაფარვაზე, მოწმეებზე ზეწოლის და ჩხუბის ერთ–ერთი მონაწილის დეკანოზ შიო მენაბდეს შვილის დაჭრის ფაქტზე. ამ დროისთვის მხოლოდ დანაშაულის დაფარვაზე აღძრული საქმის სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, ისიც დიდი შუალედებით. რა ეტაპზეა ან რა გამოიკვეთა სხვა საქმეების გამოძიების პროცესში ჩვენთვის უცნობია. პროკურატურა ამბობს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. განსაკუთრებით საინტერესოა დეკანოზ მენაბდეს შვილის დაჭრის ფაქტზე წამოწყებული გამოძიების შედეგები, თუმცა პროკურატურა მის დასრულებას არ ჩქარობს.
,,ვერსიასთვის“ ცნობილია, რომ ამ საქმის გამოძიება თავიდანვე დარღვევებით წარიმართა. კერძოდ, 1-ელ დეკემბერს ჩხუბის დროს ზურგში დაჭრილ მოზარდზე ექსპერტიზის ჩატარებაზე დადგენილება პროკურატურამ 11 დღის დაგვიანებით გამოიტანა, მაშინ, როცა ჭრილობა უკვე, პრაქტიკულად, შეხორცებული იყო და ჭრილობის და დანის პარამეტრების დადგენა, – შეუძლებელი.
საქალაქო სასამართლოში ხუთთვიანი განხილვისას, ბრალდების მხარის პრაქტიკულად ყველა მოწმემ, შეცვალა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება. ერთ–ერთმა მათგანმა, პროკურატურის ,,ოქროს მოწმემ“, მიხეილ კალანდიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, რომელმაც არათუ წინასწარ გამოძიებაში, არამედ სასამართლოზე ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენებაც კი შეცვალა. პროკურატურამ ეს დანაშაული რეაგირების გარეშე დატოვა, თუმცა მოსამართლე განაჩენის გამოტანისას კალანდიას ჩვენებას ვერ დაეყრდნობა.
მორიგი მოკვლევა დაიწყო პროკურატურამ მიხეილ კალანდიას სკანდალურ განცხადებაზე, რომ მამამისზე თენგიზ კალანდიაზე, დაკავების პირველ დღეებში, სამართალდამცველთა მხრიდან ფიზიკური ზეწოლა და შეურაცხყოფა ხორციელდებოდა. თუმცა, როგორც სხვა გამოყოფილი საქმეების, ამ მოკვლევის შედეგებიც უცნობია.
1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის პირველი დღიდან, სისხლის სამართლის საქმეში მანიპულირების მცდელობებს, მუდმივად უკავშირებენ მირზა სუბელიანს. იმ დროს მოქმედი პროკურორი, რომელმაც თანამდებობა მომხდარიდან მეოთხე დღეს დატოვა, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად დღემდე ახდენს გავლენას როგორც პროკურატურაზე, ასევე მოწმეებზე. როგორც ცნობილია სწორედ მირზა სუბელიანის ზეწოლის შედეგად შეცვალა სასამართლოზე ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება სუბელიანის ცოლის დისშვილმა მიხეილ კალანდიამ.
“რუსთავი 2”– ის მიერ გავრცელებული ვიდეოთვალის ჩანაწერებით დასტურდება, რომ მირზა სუბელიანი, იმ დროს მოქმედი პროკურორი 1-ელ დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის პირველივე წუთებიდან ჩართული იყო საქმეში და ჩხუბის მონაწილეთა გადამალვის აქტიური მონაწილეც გახლდათ. თუმცა სუბელიანი დანაშაულის დაფარვაზე არათუ ბრალდებული, დაკითხულიც კი არ არის. პროკურატურა საერთოდ არ იმჩნევს სუბელიანის ფაქტორს და მხოლოდ სუბელიანის მიერ თანამდებობის დატოვებაზე აპელირებს. ,,ვერსიას“ ინფორმაციით სუბელიანი სასამართლოს დასრულების შემდეგ სისტემაში დაბრუნებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამაზე წინააღმდეგობა არ შეხვდება. რამდენად უღირს სახელმწიფოს მძიმე რეპუტაციის მქონე მირზა სუბელიანი და მისი დანაშაულებრივი გეგმების ,,გამპრავებელი“ ზვიად ფხაკაძე, ეს მომავალში გამოჩნდება.
იმის გათვალისწინებით, რომ ვერც სამხარაულის ექსპერტიზამ, ვერც მოწმეთა დაკითხვამ არათუ ვერ გაამყარა პროკურატურის მიერ გ.ჯ.–ს და გ.ბ.–ს მიმართ წარდგენილი ბრალის დადგენილება, არამედ მთლიანად გამოაცალა მას საფუძველი, მოსამართლე ეკა არეშიძეს განსაკუთრებულად მძიმე მისია აკისრია. იმ ფონზე, როცა სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მოწმეთა დაკითხვები ცალსახად ადასტურებს, რომ რეალური დამნაშავეები არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი, საინტერესოა რას დაეყრდნობა მოსამართლე განაჩენის გამოტანისას – თუ არეშიძე ბრალდების პოზიციას ბოლომდე გაიზიარებს და განაჩენს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამოიტანს, მას დისკრედიტებულ მოსამართლეთა რიგში ვიხილავთ. თუ ის შეძლებს ბრალდებულებს იმ დანაშაულის ადეკვატური განაჩენი გამოუტანოს, რაც მათ მიერ ჩადენილ ქმედებას შეეფერება და თავისი განაჩენით არ დატოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს, მოსამართლე ეკა არეშიძე სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელ პრეცედენტს შექმნის. გადაწყვეტილების მისაღებად მას ვადა 1-ელ ივნისამდე აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები